„მიხეილ სარჯველაძეს რომ განათლება აქვს, ისეთი, მთელი ოპოზიცია რომ დააწებო ერთმანეთზე, არ აქვთ“, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ბექა ოდიშარიამ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს მიხეილ სარჯველაძის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნაზე.
როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, მიხეილ სარჯველაძეს მენეჯერული გამოცდილება აქვს და ცვლილებებს არა ნაჩქარევად, არამედ ანალიზზე დაფუძნებულად განახორციელებს.
„თავდაცვის სამინისტროებს ხელმძღვანელობენ სამოქალაქო პირები და ეს მიღებული პრაქტიკაა. მიხეილ სარჯველაძეს რომ განათლება აქვს, ისეთი მთელი ოპოზიცია რომ დააწებო ერთმანეთზე, არ აქვთ. აქვს მენეჯერული გამოცდილება და ბეჯითი და დინჯი დამოკიდებულება, საკითხების სიღრმისეული შესწავლის უნარი. ამიტომ სარჯველაძე სწორედ იმით არის ძლიერი პოლიტიკოსი და მენეჯერი, რომ ის არ იჩქარებს.
[ცვლილებებს] ჩაატარებს მეთოდურად, ანალიზზე დაფუძნებულად და არა დაჩქარებულად”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ახალი მინისტრი მედიას მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გუშინ წარუდგინა პრემიერ-მინისტრმა.
„საბოლოოდ, უპირატესობა მივანიჭე ჩვენი პოლლიტიკური გუნდის წევრს, რომლის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების მიმართ გამოცდილებაზე დაფუძნებული განსაკუთრებული ნდობა მაქვს. ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა მიხელ სარჯველაძე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა