„საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, პროცესი ისე უნდა განვითარდეს, რომ გაუქმდეს ყველა ძველი პასპორტი, პირადობა, მათ შორის ლამინირებული და ეს ასეც მოხდება“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
„არაკონსტიტუციური იქნება, თუ ჩვენ იმის გამო, რომ ადამიანებს გარკვეული რელიგიური ან სხვა პრინციპული მოსაზრებებით არ სურთ აიღონ ახლებური ელექტრონული პირადობები, არ მივცეთ არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება“, – აღნიშნა ოდიშარიამ.
შეგახსენებთ, უვადო ლამინირებული პირადობის მოწმობების გაუქმება იგეგმება. შესაბამისი კანონპროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინება. დოკუმენტის მიხედვით, არაელექტრონული, ე.წ. ლამინირებული მოწმობები, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული, მომავალი წლის 1-ელი ივლისიდან, ძალადაკარგულად გამოცხადდება.
მმართველი გუნდის ინიციატივით შექმნილ კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ პირადობის მოწმობების მფლობელ პირებს ახალ დოკუმენტზე იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები ექნებათ.
აღნიშნული ცვლილებების მომზადება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის კონსულტაციები გაიმართა. კონსულტაციების მიზეზი იყო დეპუტატ ფრიდონ ინჯიას მიერ მომზადებული ცვლილებები, რომლის მიხედვით, ამომრჩეველს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება უნარჩუნდება.