პარტია „საქართველოსთვის“ ქუთაისის საკრებულოს წევრი ნინო ჩიკვაშვილი პარტიიდან გარიცხეს.
ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ჩიკვაშვილს, რომელიც ქუთაისის საკრებულოს წევრი მათი პარტიის სიით გახდა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად აშანტაჟებდნენ მის საკუთრებაში არსებული კერძო სკოლების ფინანსური სანქციებით და ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმით:
„მიუხედავად იმ უმძიმესი ტრაგედიისა, რომელიც გუშინ დედაქალაქში მოხდა და, ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა გარდაცვლილ მარიტას გლოვობს და ამ ტრაგედიის გარშემოა გაერთიანებული, „ქართული ოცნება“, სამწუხაროდ, იცლის იმისთვის, რომ უღირსად გააგრძელოს ბრძოლა ჩვენი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით.
კიდევ ერთხელ, გვინდა სამძიმარი ვუთხრათ მარიტას ოჯახს, მის მეგობრებს. ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას, რომ დღევანდელ მძიმე დღეს ამ საკითხზე გვიწევს ბრიფინგის ჩატარება, თუმცა „ოცნების“ უღირსობამ სხვა გზა ფიზიკურად არ დაგვიტოვა. პარტია „საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებით, ქუთაისის საკრებულოს წევრი ნინო ჩიკვაშვილი გარიცხულია პარტიის რიგებიდან.
ნინო ჩიკვაშვილს, რომელიც ქუთაისის საკრებულოს წევრი ჩვენი პარტიის სიით გახდა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად აშანტაჟებდნენ მის საკუთრებაში არსებული კერძო სკოლების ფინანსური სანქციებით და ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმით.
ნინო ჩიკვაშვილზე ზეწოლა ხორციელდებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შემოსავლების სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მხრიდან.
ხელისუფლების პირობა იყო შემდეგი – ის უნდა წასულიყო პარტიიდან, ოღონდ დარჩენილიყო საკრებულოში ფსევდო დამოუკიდებელ დეპუტატად. სანაცვლოდ „ოცნება“ მას ფინანსური სანქციების საკითხის მოგვარებას, ხოლო ბონუსის სახით დამატებითი შესაძლებლობის არხების გახსნას სთავაზობდა.
ნინო ჩიკვაშვილს რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენი გუნდი სთავაზობდა, რომ „ქართული ოცნების“ წნეხისა და ზეწოლის შესახებ მას ღიად, საჯაროდ ესაუბრა და ჩვენი გუნდი მას, ბუნებრივია, მხარში დაუდგებოდა, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში. თუმცა, საბოლოო ჯამში ჩიკვაშვილმა ვერ გაუძლო „ოცნების“, სუს-ის და შემოსავლების სამსახურის წნეხს და სრულად დაჰყვა მათ მოთხოვნებში.
ის ხალხი, ვინც „ოცნებას“ მიჰყიდის სულს, მათგან აიღებს ფულს და იცხოვრებს იმ იმედით, რომ სახელმწიფოს განვითარების დიდ იდეას ანაცვალოს საკუთარი მერკანტილური ინტერესი, ჩვენს გვერდით ვერ იქნება. საზოგადოება იმაზეც უკვე თანხმდება, რომ დღევანდელმა „ოცნებამ“ სრულად შეითავსა მართვის ის მახინჯი მეთოდები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ბოლო წლებში ახასიათებდა, მათი ეს მსგავსება არამხოლოდ პოლიტიკურ საქმიანობაში, არამედ ადამიანების მიმართ დამოკიდებულებაშიც გამოიხატება. ჩვენი გუნდი პოლიტიკაში ამ სიბინძურის დასამარცხებლად იბრძვის და დავამარცხებთ კიდეც“, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.