LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნების“ ქალები: გზა მმართველი გუნდის სიაში მოხვედრამდე

2048
FORTUNA.GE (58)

ყველა მოუთმენლად ელოდა „ოცნების“ ოცეულის დასახელებას. მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელების შემდეგ, როდესაც „ოცნებამ“ მხოლოდ ერთი ქალი მაჟორიტარი, ნინო ლაცაბიძე შეარჩია რუსთავში, დაგვპირდა, რომ მათ სიაში ძალიან ბევრ ნიჭიერ და წარმატებულ ქალს ვიხილავდით.

მოლოდინიც ამიტომ გაჩნდა. ყველას აინტერესებდა, ვინ იქნებოდნენ ქალები, რომელიც „ოცნების“ ნდობას დაიმსახურებდნენ.

ოცეულის დასახელების შემდეგ, გადავწყვიტეთ, უფრო ახლოს გაგვეცნო „ოცნების“ ქალები და გაგვერკვია, რა გზა გაიარეს მმართველ გუნდში მოხვედრამდე.

 

სიაში პირველი ქალი „ოცნების“ უცვლელი მინისტრი თეა წულუკიანია. 

ის მმართველი გუნდის სიაში მეოთხე ნომრადაა. მისი ბიოგრაფია საკმაოდ  შთამბეჭდავად გამოიყურება.

1992 წელს დაამთავრა ლიონის ამპერის სახელობის ლიცეუმი, საფრანგეთში. სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. 2000 წელს საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში დაიცვა მაგისტრის ხარისხი. 2012 25 ოქტომბრიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრად დაინიშნა. არაერთი მითქმა-მოთქმისა და სკანდალის მიუხედავად ამ თანამდებობას დღემდე იკავებს.

თეა წულუკიან ჰყავს მეუღლე, ნუგზარ კაკულია და ერთი ქალიშვილი, რომელიც „ოცნების“ ღონისძიებებს ხშირად ესწრება.

 

„ოცნების“ სიაში მერვე ნომრად დასახელდა მარიამ ქვრივიშვილი.

ის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელად  2019 წლის თებერვალში დაინიშნა.

თანამდებობაზე დანიშვნა დაემთხვა რუსეთიდან ტურისტების შემოსვლის შემცირებას, მოგვიანებით კი მსოფლიოში პანდემია გამოცხადდა, რამაც საქართველოს ტურიზმს სერიოზული საფრთხე მიაყენა. ამის მიუხედავად მარიამ ქვრივიშვილი ახერხებს, რომ იყოს წარმატებული თავის საქმეში. ბოლო დროს აქტიურად იყო ჩართული შიდა ტურიზმის განვითარების საქმეში.

მარიამ ქვრივიშვილს ჰყავს მეუღლე, ოთარ ბერიშვილი, რომელიც სოხუმიდან დევნილია.

 

მეათე ნომერია მაია ბითაძე, ამჟამად თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა უკავია. 

მაია ბითაძე თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი იურისტის კვალიფიკაციით 1999 წელს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართლის დოქტორის ხარისხით 2007 წელს.

გამოქვეყნებული აქვს 12 პუბლიკაცია საერთაშორისო გარემოს დაცვისა და ადამიანის ეკოლოგიური უფლებების დაცვის სფეროში.

ჰყავს მეუღლე გიორგი ზაბახიძე და ორი შვილი – ჯემალ და ალექსანდრე ზამბახიძეები.

 

„ოცნებამ“ მე-14 ნომრად მაკა ბოჭორიშვილი დაასახელა.

მაკას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბელგიაში სწავლობდა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ევროპულ ცერნტრში. მას აქვს ხანგრძლივი გამოცდილება დიპლომატიურ საქმიანობაში. დღემდე მაკა იკავებდა ბელგიასა და ლუქსემბურგში ელჩის მოადგილის თანამდებობას.

დიპლომატ ქალს ჰყავს ერთი შვილი – 19 წლის ნინო რამიშვილი.

 

 ოცნების“ სიაში მეცხრამეტე ნომერს იკავებს მარიამ ლაშხი.  ის ამჟამად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეა.

მარიამ ლაშხს ინოვაციების, რეფორმების განხორციელებისა და სახელმწიფოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიღებული აქვს ლიდერი ქალის ჯილდო.

მარიამ ლაშხი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მეწარმეობის კურსის ლექტორია.

ჰყავს მეუღლე, ალექსანდრე ნეფარიძე, რომელთანაც გასულ წელს იქორწინა.