ქართული ოცნება სოციოლოგიური გამოკითხვისთვის ემზადება. როგორც ”რეზონანსი” წერს, ჯერ არჩევანი დავინ ნარმანიასა და კახა კალაძეს შორის არ გაკეთებულა. ნარმანიას მერობით ყველა უკმაყოფილოა, მათ შორის თავად „ოცნებაშიც“, მაგრამ მის სასარგებლოდ მოქმედებს ის ფაქტორი, რომ ის პოლიტიკურ ლიდერად ვერ ჩამოყალიბდა. კალაძის საწინააღმდეგოდ კი სწორედ ეს – ცალკე ძლიერ პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბების შიში მოქმედებს. ამ მიზეზების გათვალისწინებით „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა მერობის კანდიდატი სოციოლოგიური კვლევით გამოავლინოს.
ოთარ ფარცხალაძე მიდის
ოთარ ფარცხალაძე საქართველოდან წასვლას გეგმავს. ამის შესახებ დღევანდელ „ახალი თაობას“ „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ესაუბრება. მისი თქმით, ფარცხალაძეს აქვს მცდელობა სიტუაცია მედიის საშუალებით სათავისოდ შეატრიალოს და ყველაფერი ლაშა თორდიას წინააღმდეგ წავიდეს, მაგრამ თუ ეს ვერ მოახერხა ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობას ვერ დაალაგებს და ამიტომაც საქართველოდან წასვლას გეგმავს.
არ გინდა ჯარში, წადი ციხეში
17 მაისთან დაკავშირებით ჰომოფობიასთან ბრძოლის თემას დღევანდელი „ვერსია“ ეხმიანება. როგორ დაიგეგმა ე.წ. ტაბურეტკებით დარბევა და რას ფიქრობს განსხვავებული ორიენტაციის ლერი ბექაური, სტატიები და ინტერვიუები დღევანდელ „ვერსიაშია“.
ჯარში წასვლისგან თავის არიდება დასჯადი გახდება. როგორც „რეზონანსი“ წერს, წვევამდელების მიერ სამხედრო სამსახურის თავის არიდება, მათ შორის – ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით ან სხვაგვარად მოტყუებით, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე. კანონპროექტის ავტორი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილია.
თუ ხელისუფლებას ვერ შეუთანხმდებით, ქონებას ჩამოგართმევენ?
მთავრობის ინიციატივით კი თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის აუცილებელ ქონებას ფლობთ, კანონში ცვლილებების შესახებ ინფორმირებულები უნდა იყოთ. დღევანდელი „ვერსიისგან“ ამ ცვლილებების შესახებ შეიტყობთ, კერძოდ, როგორ მოხდება თქვენი ქონების ჩამორთმევა ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე, თუკი ვერ შედგება თქვენსა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება. დეტალები „ვერსიაშია“.
გაზეთი „ახალი თაობა“ კი, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ადგენს ყველაზე გაჭირვებულ რეგიონს საქართველოში. ასეთი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმი ყოფილა, ამ რეგიონში მოსახლეობის 37% მეტი იღებს სოციალურ შემწეობას, არადა ეს რეგიონი გამორჩეულია მოსახლეობის სიმცირით. ყველაზე ცოტა ღარიბი მოსახლეობა კი სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობს, აქ სოციალურ შემწეობას მხოლოდ 7% იღებს. თემის დეტალები „ახალ თაობაშია“.