საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის დაკავებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებულის, ივერი მელაშვილის ოჯახმა განცხადება გააკეთა. დაპატიმრებული ივერი მელაშვილის ცოლი ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნოდ ხმების მოსაპოვებლად სპექტაკლი დადგა.
„ეს ყველაფერი არ კეთდება იმიტომ, რომ ნატალია ილიჩოვა იყოს დაპატიმრებული“ – ნუგზარ წიკლაური
როგორც თამარ სულაძემ მედიაცენტრ პრესკონფერენციის აღნიშნა, ქართულმა ოცნებამ დადგა სპექტაკლი, რათა ეჩვენებინათ, რომ თითქოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროს რაღაც მიწების გადაცემა მოხდა აზერბაიჯანისთვის, ხოლო თავად “ფრთიანი ანგელოზები არიან” და საქართველო გადაარჩინეს.
“ეს ერთი და ორი დღის დადგმული არ არის, ერთი წელი, წელიწადნახევარია უკვე, რაც ამაზე მუშაობა მიმდინარეობდა. ხოლო როდესაც ამის გამო ღალატში დაადანაშაულეს კომისიის წევრები, ჩემმა მეუღლემ ვერ მოითმინა, რადგან უაღრესად პატიოსანი, წესიერი და პატრიოტი ადამიანია. მართალია, ის პოლიტიკოსი არ არის, მაგრამ ფაქტობრივად, ისე გამოვიდა, რომ ხელი შეუშალა ამ სპექტაკლის განხორციელებაში, როდესაც მან თქვა, რომ არაფერი მომხდარა საქართველოს მიწების გადაცემის კუთხით და ამიტომ მათ განახორციელეს ამ ორი ადამიანის მიმართ დაკავების ღონისძიება და ბრალდების წარდგენა,”- განაცხადა თამარ სულაძემ.
ამისთანა ბრალდებით, ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია: ივერი მელაშვილი
"ციხე ვერ გამტეხს, მაგრამ ამ ბრალდებას ვერ შევეგუები"
კითხვაზე, შესთავაზეს თუ არა ივერი მელაშვილს მსგავსი მოლაპარაკება გაჩუმების სანაცვლოდ, თამარ სულაძე პასუხობს, რომ არა, თუმცა, ვარაუდობს, რომ ივერი მელაშვილს წინააღმდეგობა, რომ არ გაეწია, შესაძლოა, არც დაეკავებინათ.
“მაქამდე არ მისულა საქმე. შეიძლება, რომ გაჩერებულიყო და ხმა არ ამოეღო, მერე შეეთავაზებინათ, მაგრამ როგორც კი დაიწყო საუბარი მოღალატეობრივ საქმიანობაზე და სასულიერო პირების მხრიდანაც იყო ასეთი ბრალდება, ეს მისთვის ძალიან შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. ჩვენ არ გვაქვს ფული და არც მისწრაფება გვქონია ამისკენ, ჩვენი სიმდიდრე არის ჩვენი პატიოსნება და ჩვენი ქვეყნის სამსახური”. – თქვა თამარ სულაძემ.
მისი თქმით, ივერი მელაშვილი მოლაპარაკებისას სწორედ იმით იყო გამორჩეული, რომ დათმობებზე არ მიდიოდა.
„აზერბაიჯანულ კომისიას რამდენჯერმე უთქვამს, რომ მათ არ უნდოდათ კომისიაში ჩემი მეუღლე ყოფილიყო, იმიტომ რომ ის ერთ გოჯსაც არ უთმობდა მათ, მათ კი უნდოდათ ვიღაც ისეთი ყოფილიყო, ცოტა რბილი, რომელიც მათ სასარგებლოდ დათმობდა რამეს, ეს კი არაფერს არ უთმობდა, არც კომპეტენცია აკლდა, რომ შეცდომით ვინმესთვის რაღაც დაეთმო, არც თავის მიწას დაუთმობდა ვინმეს“ – განაცხადა თამარ სულაძემ.
ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას 8 ოქტომბერს საქალაქო სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შეწყდეს კარტოგრაფების საქმე! – ამ მოთხოვნით დღეს, 10 ოქტომბერს, 17:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორია სამოქალაქო მოძრაობები #სირცხვილია და რუსეთი ოკუპანტია.