პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას, „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე ეხმიანება.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა
რომან გოცირიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული პარტიაა“.
„ივანიშვილმა რამდენიმე მიზანს მიაღწია – თავისი ბოღმა დაიკმაყოფილა, თავისი ჭკუით დასაჯა სალომე ზურაბიშვილი, ასევე რუსეთს კვლავ დაუმტკიცა ერთგულება და ზურაბიშვილს პოლიტიკური საგარეო საქმიანობა შეუზღუდა, ვინაიდან, ეშინიათ, რომ უკრაინაში არ ჩავიდეს და ანტირუსული განცხადებები არ გააკეთოს.
თუმცა, იმპიჩმენტი არის არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური და ის პოლიტიკურად პარლამენტში ვერ დამტკიცდება. ეს იმას ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილს არც სამომავლოდ შეუშლის რაიმე ხელს, გააგრძელოს საქმიანობა იმ ფორმით, რა ფორმითაც ეწეოდა და რაც იმპიჩმენტის ინიცირების საბაბი გახდა. შედეგი არის ის, რომ ქვეყნის რეპუტაცია კიდევ ერთხელ შეილახა და გამოჩნდა, რომ ქვეყანას არა კონსტიტუციური ორგანოები, არამედ ერთი ადამიანი მართავს“, – თქვა რომან გოცირიძემ.
ცნობისათვის, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ დღეს, 16 ოქტომბერს გამოაცხადა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პლენუმის ცხრა წევრიდან ექვსმა წევრმა დაუჭირა მხარი.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პროცესები პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანო იღებს. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად ოპოზიციის მხარდაჭერაც იქნება საჭირო.
ამავე თემაზე: