LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნებამ“ ისე შეაჩვია ენა და შეულაზღანდარდა აშშ-სა და ევოკავშირს, როგორც ჩანს ქართული ხელისუფლების გაუგებარი ტონი ყელში ამოუვიდათ“ – ოპოზიციის გამოხმაურება ნედ პრაისის განცხადებაზე

44
BeFunky-collage (18)

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა 24 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშფოთებთ ზოგი ის განცხადება, რომელიც “საქართველოს პოლიტიკური სისტემიდან” მომდინარეობს.

პრაისი: გამოვთქვით შეშფოთება მთავრობის ზოგიერთი ქმედების გამო, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ ან დაგვიანებამ, უკუსვლა გამოიწვია

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის აღნიშნულ განცხადებას ოპოზიციური სპექტრი ეხმაურება.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ რეფორმების გარეშე საქართველოს ძალიან გაუჭირდება ევროინტეგრაციის მიმართულებით წარმატების მიღწევა.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორების ყველაზე ღრმა შეშფოთებას იმსახურებს სამი ძირითადი საკითხი – ანტიდასავლური კამპანია, საქართველოში რუსული ინტერესების გაძლიერება და ჩავარდნილი რეფორმები, მათ შორის მართლმსაჯულებისა და სასამართლოს თვალსაზრისით, რომელიც ყველაზე ნიშანდობლივი ინსტრუმენტია რეჟიმის, ხელისუფლების და ინსტრუმენტალიზაციის ამ მახინჯი სისტემის, ოლიგარქიის და კლეპტოკრატიის. ამიტომ, თუ რეფორმები არ იქნება, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, საქართველოს ძალიან გაუჭირდება ევროინტეგრაციის კონტექსტში წარმატების მიღწევა“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

„მოქალაქეების ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადება მოსალოდნელი იყო.

„ნედ პრაისი, როგორც კერძო პირი, თავის სათქმელს კი არ ლაპარაკობს, ის დეპარტამენტის სახელით საუბრობს. ეს განცხადება აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ისე შეაჩვიეს ენა და ისე შეულაზღანდარდნენ ამერიკის მთავრობასა და ევროკავშირს, სულ ვამბობდი, იქიდან რეაქცია წამოვიდოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში „ქართული ოცნება“ არათუ ცეცხლს ეთამაშებოდა, არამედ ცეცხლში ჰქონდა ხელები ჩაყოფილი და ვერ ხვდებოდა, როგორ აზიანებდა ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, როცა ასეთი აგდებული და ლაზღანდარული ტონით საუბრობდა. ჯერ ოთხკაციანი მოძრაობა გააკეთეს, შემდეგ ცხრაკაციანი გახდა, ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და როგორც ჩანს, ეს ახლა გვიბრუნდება.

როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ხელისუფლების გაუგებარი ტონი ყელში ამოუვიდათ. იმედს დავიტოვებდი, რომ ნედ პრაისის ამ კრიტიკული განცხადების შემდეგ ქმედებები არ იქნება, რათა ქართული სახელმწიფო არ დაზიანდეს. ვისურვებდი, „ქართული ოცნება“ ახლა მაინც მოეგოს გონს. კბილები იმისთვის არსებობს, რომ არა მხოლოდ ჭამაში დაგეხმაროს, არამედ ხანდახან ენას დააჭირო და სისულელეები არ წამოროშო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საკითხზე კომენტირებისას „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა,  აშშ-ის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი ზუსტად იმეორებს იმ შეფასებას, რაც საქართველოში როგორც ოპოზიციას, ასევე არასამთავრობო სექტორს აქვთ.

„რა თქმა უნდა, კარგია, როცა აშშ-ის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი ზუსტად იმეორებს იმ შეფასებას, რაც როგორც ოპოზიციას, ასევე არასამთავრობო სექტორს აქვთ. ეს განცხადება კიდევ ერთხელ ნათელს ხდის, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ დღემდე არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი და თუ „ქართული ოცნება“ ასე გააგრძელებს, ქვეყანა სავარაუდოდ ვერ მიიღებს. ეს შეფასება გამოძახილია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე სასამართლო კლანის გაძლიერების თაობაზე. ამ გზავნილს ძალიან ყურადღებით მოვეკიდებოდი, რადგან ეს ძალიან ნათელი გზავნილია, რომ ვიდრე ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მართავს ამ ქვეყანას არანაირი პროგრესი არ ექნება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ალუდა ღუდუშაური: უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, საქართველო ყველა პოზიციაში არის დომინანტი და მოწინავე