LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნებამ“ განიზრახა, რომ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ენმ არჩევნებიდან საერთოდ მოხსნას: გიორგი ბარამიძე

52
გიორგი-ბარამიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ განიზრახა, რომ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებიდან საერთოდ მოხსნას.

აღნიშნულის შესახებ ბარამიძემ დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და ამ ფაქტს „უპრეცედენტო რამ“ უწოდა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ძალოვანი უწყებების ჩართულობით, მათ კანდიდატებს, რომლებიც საარჩევნო სიის ნაწილი არიან, საარჩევნო სია ძალით დაატოვებინა.

როგორც ბარამიძემ განაცხადა, ხელისუფლების მიზანია, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ორ რაიონში პარტიულ სიაში საერთოდ არ იყოს წარდგენილი.

„ანუ, ჩვენი მხარდამჭერი რომც მოსულიყო, მას უბრალოდ არ ექნებოდა ამის საშუალება, რომ ჩვენთვის ხმა მოეცა, რადგან კანდიდატთა არასაკმარისი რაოდენობის გამო, ჩვენი სია მოხსნილი იქნებოდა,“ – აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

როგორც ენმ-ს წევრმა აღნიშნა, როცა „ოცნება“ ამას რომ ამზადებდა, პარტიამ  საზოგადოებას აცნობა და მყისიერი რეაგირება მოახდინა.

„დავუკავშირდით „ეუთო ოდირის“ ოფისს, რომელიც სწრაფადვე გამოგვეხმაურა და დღეს ისინი ახალქალაქისა და ნინოწმინდაში ჩამოვლენ. ჩვენ დავუკავშირდით მეგობარ სახელმწიფოებს. ჩვენ ასევე ვაცნობეთ ევროპარლამენტარებს, საქართველოში მყოფ ამერიკელ კონგრესმენებსა და ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარია.

მათთვის ფორმალურად ადგილობრივი არჩევნები სულერთი არ არის, რომელიც რეალურად არის რეფერენდუმი იმის თაობაზე, საქართველო გახდება რუსეთის გუბერნია თუ შეძლებს დაუბრუნდეს ევროპასა და „ნატო“-სთან ინტეგრაციის გზას. ამ ვითარებაში, როგორც ჩანს, ჩვენმა ძალისხმევამ გაჭრა და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, – განაცხადა ბარამიძემ.

მისი თქმით, მისმა პარტიამ მოიპოვა „ლოკალური“, თუმცა მნიშვნელოვანი გამარჯვება, რადგან ცესკო-ს ახალი დადგენილების საფუძველზე ახალქალაქსა და ნინოწმინდაში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სია აღარ გაუქმდება.

„აქ არის ცესკოს დადგენილება, რომელმაც განსაზღვრა, რომ მიუხედავად იმისა, შეიძლება რაღაც ზღვარს ჩამოსცდეს პარტიული სია, ის მაინც არ გაუქმდება. განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო ახალქალაქში, რადგანაც ჩვენს 7-მდე წევრს სუს-ში დაბარებებით და სხვადასხვა მეთოდებით ძალით დააწერინეს განცხადებები, თუმცა რამდენიმემ ეს განცხადება უკან წაიღო.

ყოველივე ამის შედეგად, ცესკოს ამ გადაწყვეტილებით, არამარტო „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ ნებისმიერ სხვა პარტიას აღარ მოეხსნება სია, თუ მათთან მიმართებაშიც რომელიმე ძალოვანი სტრუქტურა განსაკუთრებული ძალისხმევით შეეცდება პარტიების დისკრედიტაციას “, – აღნიშნა გიორგი ბარამიძემ და დასძინა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი სტიმული თითოეული იმ მოქალაქისთვის, ვისაც სჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.