„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ “ქართული ოცნება” იძულებული გახდება კომპრომისებზე წავიდეს, ისევე, როგორც ოპოზიცია, რომელიც ამისთვის მზადაა. ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, თუ არ მოხდა ოპოზიციის მიერ წამოყენებული საკითხების: პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელ არჩევნების განხილვა, მოლაპარაკება არ შედგება.
„ოცნებიდან“ კვლავ არის ხისტი განცხადებები, რომ რაღაცას დათმობენ, არ დათმობენ, თუმცა ვფიქრობ, რომ ისინი იძულებულები იქნებიან წამოვიდნენ კომპრომისზე, ისევე როგორც ოპოზიციაც მზად არის გარკვეული კომპრომისებისთვის. ურთიერთობა კომპრომისების გარეშე, რა თქმა უნდა, ვერცერთ საკითხზე მოლაპარაკება ვერ შედგება.
ჩვენთვის „წითელი ხაზი“ ეს არის „ოცნების“ ნარატივი. ჩვენ „წითელ ხაზებზე“ არ გვისაუბრია, ჩვენ ვსაუბრობთ პრინციპულ საკითხებზე. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვადასტურებ თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, მოლაპარაკება არ შედგება და თუ ვადამდელ არჩევნების საკითხზე არ ვისაუბრეთ და ურთიერთკომპრომისით გამოსავალი არ მოვძებნეთ, ასევე არაპროდუქტიული იქნება ეს შეხვედრა. ამიტომ, ორივე ამ საკითხზე უნდა იყოს „ოცნებისგან“ მზაობა, რომ წამოვლენ კომპრომისზე. პოლიტპატიმრებზე, ტყვეებით ვაჭრობაზე არ ვაპირებთ დიალოგში შესვლას, ეს თავისთავად უპირობოდ უნდა მოხდეს“ , – განაცხადა ჩიხლაძემ.