“საარჩევნო სუბიექტები წინასაარჩევნო კამპანიაში სასულიერო პირებს და რელიგიურ თემატიკას იყენებენ”, – აცხადებს “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” (DRI) და პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის მორიგ შედეგებს აქვეყნებს.
DRI-ს ინფორმაციით:
? სოციალურ ქსელებში საარჩევნო სუბიექტების ოფიციალურ გვერდებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ პოლიტიკური სუბიექტები წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად სასულიერო პირების მხარდაჭერით მანიპულირებენ;
? განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა სახელისუფლებო პარტია “ქართული ოცნება”.
პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ერთად აგრძელებს ეკლესია-მონასტრების “მოლოცვას”. “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატების წარდგენის ყველა ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ სასულიერო პირები, რაც პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განთავსებული ფოტო მასალითაც დასტურდება;
? რელიგიური თემების წინ წამოწევას ცდილობს “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე და გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის”, რომლის წინასაარჩევნო ღონისძიებებს ასევე ესწრებიან სასულიერო პირები.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტიუტის მონიტორინგის შედეგები ასე გამოიყურება:
სახელისუფლებო პარტია “ქართული ოცნება”
◼ 10 სექტემბერს, ირაკლი ღარიბაშვილმა მცხეთა-მთიანეთში მერობის კანდიდატები წარადგინა. ქართული ოცნების პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ერთად, წარდგენას ესწრებოდნენ სასულიერო პირებიც. ინფორმაციას ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური გვერდი ავრცელებს;
◼ 10 სექტემბერს, პრემიერ მინისტრი გერგეტის სამებას სტუმრობდა. მან ტაძარი სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოს იეგუდიელთან ერთად „მოილოცა“. საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, პარლამენტარები დიმიტრი ხუნდაძე, ალუდა ღუდუშაური, ლევან მგალობლიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძ;
◼ 11 სექტემბერს, ირაკლი ღარიბაშვილი მერობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს სამცხე-ჯავახეთში. ბორჯომში, ადიგენსა და ახალციხეში წარდგენებს ესწრებოდნენ სასულიერო პირებიც, როგორც მღვდელმთავრები, ისე ბერ-მონაზვნებიც;
◼ 12 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვარძიაში ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მერობის კანდიდატები წარადგინა. სიტყვით გამოსვლის დროს მან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ვარძიის რეაბილიტაცია სრულად დააფინანსა ფონდმა „ქართუმ“ და ბიძინა ივანიშვილმა და ეს არის პროცესი, რომელიც „კვლავ გრძელდება”;
◼ 11 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად აწყურში ღვთისმშობლის სახელობის კათედრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. საქართველოს მთავრობის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტს ფონდი “ქართუ” ახორციელებს. აწყურში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ უმასპინძლა. მეუფემ პრემიერ-მინისტრს კათედრალის რეაბილიტაციის დაწყებისთვის მადლობა გადაუხადა და წმინდა გიორგის ხატი აჩუქა. ამავე დღეს, მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი მეუფე თეოდორესთან ერთად ახალციხის უნივერსიტეტს ესტუმრა. პრემიერი აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და ახალციხის, ადიგენის, ბორჯომის და ასპინძის მაჟორიტარ დეპუტატ ანტონ ობოლაშვილთან ერთად შეხვდა;
◼ 12 სექტემბერს, მთავრობის მეთაურმა აბასთუმანში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის დედათა მონასტერი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტთან მეუფე თეოდორესთან და მონასტრის წინამძღვარ, იღუმენია ბარბარესთან ერთად „მოილოცა“. საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2018 წლის აგვისტოში, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით მონასტრის აღდგენის პროცესი დაიწყო.
საარჩევნო სუბიექტი “გახარია – საქართველოსთვის”
“ქართული ოცნების” მსგავსად, წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, სასულიერო პირების მხარდამჭერ მანიპულაციას მიმართავს გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის”.
◼ 1 სექტემბერს პარტიის ლიდერმა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები და პროპორციული სიის წევრები მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში წარადგინა;
◼ 9 სექტემბერს, გიორგი გახარია სოფელ ღებში ამომრჩეველს შეხვდა. შეხვედრას სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ;
◼ 9 სექტემბერს, გიორგი გახარიამ მერობის კანდიდატები წარადგინა ონში და ამბროლაურში. წარდგენას სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ;
ბადრი ჯაფარიძე – “ლელო საქართველოსთვის”
“ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ ორ სექტემბერს გამოაქვეყნა წინასაარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი ვიდეორგოლი, რომელიც ძველი აღქმის სიტყვებით და მცხეთისა და ჯვრის მონასტრის ხედებით იწყება.
“დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”
7 სექტემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მამა ილია ესარათია აცხადებს, მხარს დაუჭერს პატრიოტთა ალიანსს. ამონარიდი ვიდეოდან – „ჩვენ დავუდგებით გვერდში, მათ გვერდითა ვართ. 5 ივლისს დავითი და ირმა იყვნენ იქ! რუსთაველის გამზირზე. ღმერთმა დალოცოს ორივე.” – აღნიშნულია “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” ინფორმაციაში.