ბათუმში ახალი სტადიონის მშენებლობა დასრულდა. სტადიონი საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, თბილისის მერმა კახი კალაძემ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ვეტერან ფეხბურთელებთან და სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად მოინახულეს.
ღონისძიების ფარგლებში ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და ვეტერანმა ფეხბურთელებმა საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. საკუთარ სიტყვაში თითოეულმა მათგანმა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ფეხბურთის გულშემატკივრებს ახალი სტადიონის მშენებლობის დასრულება მიულოცა.
ლევან კობიაშვილი:
“ამ დღეს არამარტო ბათუმელები არამედ თითოეული ჩვენთაგანი წლების განმავლობაში ველოდებოდით. ამაყი და ბედნიერ ვარ, რომ ბათუმელმა გულშემატკივარმა, რომლებიც ჩემი აზრით, ყველაზე პატივსაცემი ადამიანები არიან, მიიღეს, ის რისთვისაც ჩვენთან ერთად წლების განმავლობაში იბრძოდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სტადიონი ქართული ფეხბურთის წარმატების საფუძველი იქნება.
ბათუმის ახალი სტადიონი ყველნაირ საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, ამ არენაზე ჩვენ უმაღლესი დონის საკლუბო და სანაკრებო მატჩების მასპინძლობა შეგვიძლია”.
გიორგი გახარია:
„დღეს, ძალიან ბევრი ფეხბურთის გულშემატკივრის ოცნება ახდა. დღეს, ჩვენ, აქ ვზეიმობთ ამ შესანიშნავი სტადიონის გახსნას, რაც ფეხბურთის უამრავი გულშემატკივრის ოცნება იყო. მოგეხსენებათ, რომ ეს სტადიონი უნდა გახსნილიყო სულ სხვა, ბევრად უფრო საზეიმო გარემოში, სავსე ტრიბუნებით, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი მდგომარეობიდან, კოვიდის ეპოქიდან გამომდინარე, ეს ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ვხედავთ და ვგრძნობთ რა, რომ ჩვენს სპორტსმენებს ეს სტადიონი გამზადებული უკვე სჭირდებათ, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, აქ ვარჯიშის, თავიანთი პროფესიონალიზმის განვითარების, რომ ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები მოუტანონ. ამიტომ, ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ უკეთეს პერიოდში, უკეთეს დროს ჩვენ აქ მოვაწყობთ დიდ ზეიმს, დიდი გამარჯვებების ზეიმს.
რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენი ფეხბურთელისთვის ეს ხორუმი იქნება ინსპირაცია შემდგომი გამარჯვებისთვის, თითოეული გუნდისთვის, ბათუმის დინამოსთვის, თითოეული გუნდისთვის, რომელიც ამ მოედანზე იასპარეზებს. გარდა ამისა, ხორუმი არის სიმბოლო ქართული მებრძოლი ხასიათის და მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ყველანი ერთად, ჩვენი მომავლისთვის ვიბრძოლებთ ამ ხორუმის ჰანგებით, გავიმარჯვებთ ყველა მიმართულებით, დავამარცხებთ კოვიდსაც, ეპიდემიასაც, ეკონომიკურ კრიზისსაც, ჩავატარებთ არჩევნებსაც და ყველანი ერთად, აქ, სავსე ტრიბუნებით ვიზეიმებთ ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებას, გილოცავთ ამ სტადიონის გახსნას და გისურვებთ დიდ გამარჯვებებს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ბათუმის სტადიონის მშენებლობას 2018 წლის 21 იანვარს ჩაეყარა საფუძველი. სტადიონის მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან, დაახლოებით 141 მლნ ლარით დაფინანსდა.
სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონი, უახლესი მოდელის განათების, გახმოვანების და სხვა სისტემებით აღიჭურვა.
საფეხბურთო სტადიონი ქართული ცეკვა ხორუმის მოტივებზე აშენდა. ფასადის მწყობრად ჩალაგებული ფიგურები, მოცეკვავეების მოძრაობებს ასახავს. სტადიონის ფასადზე თანამედროვე განათების სისტემა დამონტაჟდა, რომელიც შესაბამისი მატჩის მიხედვით, სხვადასხვა ფერით განათდება (საქართველოს დროშის, საქართველოს გერბის, აჭარის დროშის და სხვა.)