LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუგზარ ტატალაშვილი თბილისის გრან პრის ჩემპიონია

47

თბილისის ახალ სპორტის სასახლეში დასრულდა ძიუდოს მეორე საშეჯიბრო დღე, სადაც მედლებისთვის 4 წონითი კატეგორიის ძიუდოისტები იბრძოდნენ. ვაჟებმა საუკეთესოები 73 და 81, ხოლო ქალებმა 63 და 70 კილოში გამოავლინეს. შეჯიბრებაში 9 ქართველი ძიუდოისტი ჩაება, 8 ვაჟი და ერთი გოგონა – საქართველოს სახელით მოჭიდავე ჰოლანდიელი ესტერ სტამი, ვინც პირველივე წრეში ებრაელ ლიორ ვინდიკანთან შებოჭვაზე მოჰყვა და ბრძოლას გამოეთიშა. ვაჟებიდან მედლისთვის 5 კაცი იბრძოდა და მათგან 4-მა მედალი დაისაკუთრა.

73 კილოს მედალოსნები თითქმის მთლიანად ქართველებით დაკომპლექტდა, აქ ფინალში გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა ნუგზარ ტატალაშვილმა, ვინც მონღოლი ოდბაიარ განბაატარი შეხვედრის ბოლოს გატეხა და ჯერ ვაზარი აუღო, მერე კი ბოჭვაზეც დაიჭირა. ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ბრაზილიელ მარსელო კონტინისთან გამართა და ულამაზესი გდებით დააიპონა.

ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა ფრიდონ გიგანმაც და ბერძენ გეორგიოს აზოიდისს ბოლო წამებზე აღებული ვაზარით აჯობა.

81 კილოში ფინალში გასული ლევან გუგავა რუს ალან ხუბეცოვთან თავის დაწყებულ ილეთზე წამოეგო და იპონით წააგო.

ამ წონაში ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ზებედა რეხვიაშვილი ბერძენ რომან მაუსტოპულოსს დაუპირისპირდა და გაფრთხილებით უგებდა, მაგრამ ბოლო წამებზე ენერგიისგან დაცლილმა იპონი გაუშვა და მედალი მეტოქეს დაუთმო.

ამრიგად, ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი აქვს და გუნდურ ჩათვლაშიც ლიდერობს.

ხვალ, ტურნირის დასკვნითი დღის შეჯიბრება ჩატარდება და მედალოსნები 5 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. გოგონები ჩემპიონების ვინაობას 78 და +78 კილოში, ხოლო ვაჟები 90, 100 და +100 კილოში გაარკვევენ.

წინასწარი შეხვედრები 10:30 საათიდან, ფინალური ბლოკის შეხვედრები კი 17:00 საათიდან დაიწყება, გადამწყვეტი ორთაბრძოლების პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი შემოგვთავაზებს.

 

26 მარტი. ახალი სპორტის სასახლე. თბილისის ძიუდოს გრან პრი

ქალები

63 კგ
1. კატრინ ურტენვუზახერი (ავსტრია)
2. ჯემა ჰოველი (დიდი ბრიტანეთი)
3. ედვიგ გვენი (იტალია)
3. მარიელ პრუვოსტი (საფრანგეთი)

70 კგ
1. კიმ პოლინგი (ჰოლანდია)
2. ესტელ პოსვიტე (საფრანგეთი)
3. ასმა ნიანგი (მაროკო)
3. ელისავეტ ტელსიტაუ (საბერძნეთი)

ვაჟები

73 კგ
1. ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)
2. ოდბაიარ განბაატარი (მონღოლეთი)
3. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
3. ფრიდონ გიგანი (საქართველო)

81 კგ
1. ალან ხუბეცოვი
2. ლევან გუგავა (საქართველო)
3. უგანბაატარ ოტგონბაატარი (მონღოლეთი)
3. რომან მაუსტოპულოსი (საბერძნეთი)

 

 

uniInc (2)

uniInc (3)

uniInc (4)

uniInc (5)

uniInc (6)

uniInc

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები