საქართველოს სამეფო ოჯახში არსებულ დაპირისპირებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი იმართება. ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო ოჯახის სახელისა და სამეფო ტიტულების არასწორ გამოყენებას ედავებიან.
ჟურნალისტების კითხვაზე, რა შედეგით დასრულდა საპატრიარქოს ინიციატივით ჩატარებული დე–ენ–ემ კვლევა, რომელიც ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ჩაუტარდა, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა განაცხადა, რომ ამ კვლევის შედეგების მიხედვით გრუზინსკი არის სიხარულიძე და არა ბაგრატიონი.
“ახლა წავიდნენ და სადაც უნდათ იქ მიჩივლონ,” – განაცხადა ლევან ჩხეიძემ. სხდომაზე გამოცხადდა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი, რომელმაც მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს დავით ბაგრატიონის ადვოკატი. დავის სირთულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო მას სამი მოსამართლის შემადგენლობით, კოლეგიურად განიხილავს. სხდომაზე დაგეგმილია სპეციალისტების სტატუსით მიწვეული აკადემიკოსების – როინ მეტრეველისა და გიორგი ოთხმეზურის გამოკითხვა.
ცნობისთვის, ანა ბაგრატიონ–გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ–მუხრანელის სამეფო ქორწილი, პატრიარქის ინიციატივით, 2009 წელს სამებაში გაიმართა.