LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნუცას სკოლიდან“ “ვოისამდე“ – სალომე დოლიძის მუსიკალური სამართალმცოდნეობა

136

პროექტ ვოისის მონაწილე, სალომე დოლიძე ქართველმა მსმენელმა ჯერ კიდევ წლების წინ პროექტ „ნუცას სკოლიდან“ გაიცნო, თუმცა მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ახალგაზრდა მომღრლისგან სიახლეები აღარ გვსმენია. სალომე რამდენიმე წლით რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა, საბოლოოდ, საქართველოში დაბრუნება და კარიერის სამშობლოში გაგრძელება ამჯობინა. როგორც თავად ამბობს, “ვოისი“ მისთვის უდიდესი გამოცდილებაა და პროექტის შემდეგ აუცილებლად გააგრძელებს მუსიკალურ საქმიანობას.

სამომავლო გეგმებისა და “ვოისის“ შესახებ სალომე დოლიძე უფრო დეტალურად თვითონ მოგვიყვება…

სალომე როგორც ვიცი იყავი “ნუცას სკოლის“ მონაწილე და გაიმარჯვე კიდეც ამ პროექტში. რა მოგცა “ნუცას სკოლამ“?

– ნუცას სკოლამ პირველ რიგში მომცა ძალიან დიდი გამოცდილება, გამოცდილება იმიტომ რომ მაშინ ახალი დაწყებული მქონდა სიმღერა. 18 წლის ვიყავი სიმღერა რომ დავიწყე. ნუცას სკოლაში ვიყავი 20 წლის და ძალიან, ძალიან დიდი გამოცდილება მომცა, იმიტომ რომ სანამ დავიწყებდი სიმღერას, მანამდე ცოტა მეშინოდა სცენის, კამერების, აუდიტორიის, და ეს ყველაფერი გადამალახინა ნუცას სკოლამ.

ანუ ვოისში უკვე გამოცდილი მუსიკოსი მიხვედი…

– ვოისში უკვე ცოტა გამოცდილებით მოვედი.

თუმცა ვოისამდე იყო რუსეთი. რას საქმიანობდი იქ?

– უკვე ძალიან დიდი ხანია ჩემი ოჯახი ცხოვრობს რუსეთში, დაახლოებით 15 წელი. მეც წავედი მათთან ერთად საცხოვრებლად. პარალელურად ვმუშაობდი – სხვადასხვა ადგილას ვმღეროდი და ამასობაში გავიდა 6 წელი. თუმცა არ ვაპირებდი ამდენი ხანი გაჩერებას. თავიდან ერთი წლით წავედი და ვაპირებდი ჩამოვსულიყავი, რადგან აქ სწავლა დავტოვე, მაგრამ შევრჩი 6 წელი.

სწავლა დაამთავრე?

– არა, რომ ჩამოვედი გავაგრძელე სწავლა და ახლა ვარ მეორე კურსზე. ვსწავლობ იურიდიულზე.

როგორ უთავსებ ერთმანეთს მუსიკას და სამართალმცოდნეობას?

– ყველა ამას მეუბნება. ბავშვობიდან მინდოდა, რომ იურიდიული განათლება მიმეღო. ძალიან მომწონს ეს პროფესია, ვაფასებ ამ პროფესიის ხალხს. სამართალმცოდნეობა მარტო იმიტომ არ ამირჩევია, რომ ვიყო კარგი იურისტი, ძალიან ბევრ რამეს მაძლევს, მავითარებს. თუმცა საბოლოოდ ვაპირებ სიმღერას გავყვე, მაგრამ რა თქმა უნდა იურიდიული განათლებაც გამომადგება.

სიმღერასთან ერთად იურისტობასაც ხომ არ აპირებ?

– რატომაც არა. არ ვიცი, მაგრამ ჯერ სიმღერას უნდა მივხედო, პარალელურად ვისწავლი და შემდეგ ვნახოთ რა იქნება.

დავუბრუნდეთ “ვოისს”. რატომ გადაწყვიტე “ვოისში” მონაწილეობა და რა მოგცა ამ პროექტმა?

– პირველ რიგში გამოვიწვიე საკუთარი თავი. იმიტომ რომ დიდი ხანი არ მქონდა ნამღერი. ორი წელია რაც საქართველოში ჩამოვედი და ერთი წელი საერთოდ არ მიმღერია. ვფიქრობდი, რომ სწავლისთვის უფრო უნდა მიმეხედა, ვიდრე სიმღერისთვის, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ სიმღერა უფრო ჩემი იყო და სრულიად შემთხვევით გადავწყვიტე მონაწილეობა ვოისში. ეს პროექტი მაძლევს ძალიან დიდ გამოცდილებას. დამეხმარება კარიერულ წინსვლაში. ძალიან მაგარია, რომ ამდენ პროესიონალთან მიწევს ურთიერთობა, ვსწავლობ ძალიან ბევრ რამეს. გამოცდილება არის ყველაზე ძვირფასი, რაც შეიძლება მოგვცეს ასეთმა პროექტებმა.

შენ ხარ ნოდიკოს გუნდის წევრი. როგორი მწვრთნელია ნოდიკო?

– ნოდიკო არის ფანტასტიკა (იცინის). ძალიან მაგარი მწვრთნელია და ძალიან მაგარი ადამიანია რაც მთავარია. არიან ვიღაცები პროფესიონალები საკუთარი საქმის, მაგრამ ამ ყველაფერს რომ ემატება ადამიანური ფაქტორი ეს არის ძალიან მაგარი. არის ძალიან ყურადღებიანი, თბილი, მეგობრული, ცდილობს მაქსიმალური კომფორტი შეგვიქმნას, რადგან ძალიან დიდი გამოცდილება აქვს კონკურსების და იცის ჩვენ როგორ ვღელავთ, ვნერვიულობთ და განვიცდით და ცდილობს მაქსიმალურად კომფორტი შეგვიქმნას ამ კუთხით. ძალიან კარგად ვმუშაობთ ერთად. საერთოდ არ გვაქვს ის მომენტი, რომ ის არის მწვრთნელი და ჩვენ ვართ კონკურსანტები. მოკლედ ძალიან კომფორტულია მასთან მუშაობა.

კონკურსანტებს როგორი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ?

– საერთოდ არ არის დაძაბულობა. არც ინტრიგებს ჰქონია ადგილი. ძალიამ მეგობრული და კარგი ურთიერთობა გვაქვს. ყველა ვაკეთებთ ჩვენს საქმეს და ჩვენს გასაკეთებელს და შესაბამისად ინტრიგებისთვის დრო არავის არ რჩება. ძალიან მეგობრული და ოჯახური გარემოა.

მართალია ჯერ პროექტის დამთავრებამდე დიდი დროა, მაგრამ მაინც თუ გიფიქრია რას გააკეთებ ვოისის მერე? სად აპირებ მუსიკალური საქმიანობის გაგრძელებას, საქართველოში თუ რუსეთში?

– საქართველოში, პირველ რიგში იმიტომ რომ რუსეთში ასე ადვილი არაა კარიერის გაკეთება. ძალიან რთულადაა იქ ყველაფერი. თან მინდა რომ საქართველოში გავაკეთო ჩემი გასაკეთებელი, რადგან რაც არ უნდა იყოს მაინც ქართველი ვარ და ჯერ აქ არის ჩემი სახლი და მერე სხვაგან. ძალიან ბევრი გეგმა მაქვს. არ ვიცი როდემდე ვიქნები პროექტში, მაგრამ პროექტი როდესაც დასრულდება აუცილებლად ვაპირებ რომ ჩავწერო სიმღერები და უკვე მაქვს სიმღერები. აუცილებლად ვაპირებ რომ ჩავწერო ალბომი და ვაპირებ რომ მივხედო ამ ყველაფერს. მზად ვარ მუშაობისთვის (იცინის). უკვე მაქვს რამდენიმე ძალიან ნიჭიერი ქართველი კომპოზიტორების სიმღერები და ნელ-ნელა ყველაფერს გავაკეთებ. გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებ.

წარმატებას გისურვებთ!

გუგა ლეჟავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები