ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში ჩაერთო მსახიობი ნუცა კუხიანიძე, რომელმაც ციხეში მჯდომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუთქვა:
„მიშასთან დაკავშირებით სათქმელი არ მგონია, დღევანდელი დღით შემოიფარგლოს. მარტო მიშასთან დაკავშირებით არა, ზოგადად, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში – ყოველდღე ვიღვიძებ დანაშაულის შეგრძნებით, რომ იმდენს ვერ ვაკეთებ რაღაცის შესაცვლელად, რაც შემიძლია. დარწმუნებული ვარ, ბევრს აქვს ეს შეგრძნება. ნაწილი საზოგადოებისა სასოწარკვეთილებაშია ჩავარდნილი ამის გამო, ნაწილს კი კვებავენ ზიზღისა და შურისმაძიებელი რაღაცებით. სულ ვფიქრობ, ვის უნდა მიმართო. საზოგადოების ნაწილი ისეა გამწარებული, რომ თავისი ქვეყნის მომავალი და კეთილდღეობა შეუძლია, პირად ინტერესს გადააყოლოს…
მაინც ვფიქრობ, რომ უნდა ელაპარაკო საქართველოს მოქალაქეებს, სულ რომ არ ფიქრობდეს ისე, როგორც შენ ფიქრობ. მგონია, რომ საერთო რაღაცამდე უნდა მივიდეთ და დავდგეთ სიბრაზესა და ზიზღზე მაღლა. ყველას გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება. პრეზიდენტების მკვლელობები აქამდე ვერ მიგვიყვანს. ელემენტარული უფლებაა მისი, რომ წარდგეს გამჭვირვალე და ობიექტური სასამართლოს წინაშე და მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული, ადამიანის სიცოცხლე სათუთი თემაა, მით უმეტეს, როდესაც პირდაპირ ეთერში უყურებ ამას. „რაღაცნაირად უნდა გავცდეთ ჩვენს პირად ინტერესებსა და სიბრაზეებს, მთავარია, დღეს კარგად ვიყო და ხვალ ჩემს მეზობელს რა დაემართება, არ მაინტერესებს“ – ამით არ შენდება ქვეყანა, ხომ ვხედავთ ამას…“