„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისი განცხადებით, დაკარგული ტერიტორიების ფონზე 26 მაისის დღესასწაული სრულყოფილი ვერ იქნება, ამიტომ არ უნდა შევეგუოთ ისეთ საქართველოს, სადაც 26 მაისის აღნიშვნა სოხუმის და ცხინვალის გარეშე მოხდება.
მისივე თქმით, 26 მაისი არის თარიღი, რომელიც თაობების ოცნებებთან და ბრძოლასთან არის დაკავშირებული, რომ საქართველო დამოუკიდებელი, ძლიერი, სუვერენული სახელმწიფო ყოფილიყო.
„დღეს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს. ვულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს და თითოეულ ქართველს ვუსურვებ, რომ ყველა მომავალი 26 მაისი იყოს მშვიდობიანი, ერთიანი, წარმატებული და განვითარებული, სადაც ყველა მოქალაქე თავს იგრძნობს, ღირსეული ქვეყნის ღირსეულ წარმომადგენლად. დღეს ჩვენი და დარწმუნებული ვარ, ჩვენი წინაპრების უმთავრესი ტკივილი დაკარგული ტერიტორიებია, რომლის გარეშეც 26 მაისის დღესასწაული სრულყოფილი ვერ იქნება. ნუ შევეგუებით ისეთ საქართველოს, სადაც სოხუმის და ცხინვალის გარეშე ვიზეიმებთ 26 მაისს. თითოეული ჩვენგანის ვალია, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნოს ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.