LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუ მოძებნით მიზეზებს და ნუ ეცდებით თავის მართლებას, იფიქრეთ შედეგზე” – სტივ ჯობსის „ლიდერობის თეორია“

636
10-Things-We-Can-Learn-From-the-Incredible-Steve-Jobs

სტივ ჯობსს თავისი აზრი ჰქონდა იმის შესახებ, თუ რა განასხვავებს ნამდვილ ლიდერებს დანარჩენი ადამიანებისაგან.

მისი ე.წ. „ლიდერობის თეორია“ შესაძლოა ცოტა მკაცრადაც ჟღერდეს, თუმცა ჯობსს მიაჩნდა, რომ ნამდვილი ლიდერი არასოდეს დაეყრდნობა სხვა ადამიანებს ბოლომდე და მიუხედავად იმისა, რომ მას აუცილებლად ექნება უნარი – შემოიკრიბოს გარშემო საუკეთესო გუნდი, იყოს მათთან მუდმივ კონტაქტზე და ჰქონდეს თანამშრომლების მიმართ მოლოდინები, მაინც ყოველთვის თავის თავზე აიღებს საბოლოო პასუხისმგებლობას ამა თუ იმ საქმეში.

სტივ ჯობსი ყოველთვის ბევრს მოელოდა სხვებისაგან. თუმცა იგი არანაკლებს მოითხოვდა საკუთარი თავისგანაც. განსაკუთრებით მომთხოვნი იგი იმ ადამიანების მიმართ იყო, რომლებსაც ხელმძღვანელი პოსტები ეჭირათ.

„თუ ოფისში მივალ და სანაგვე ურნები ცარიელი არ დამხვდება, ცხადია დამლაგებელს ვკითხავ მიზეზს. ის მეტყვის, რომ კარზე საკეტი შეიცვალა და გასაღები არ ჰქონდა. ამ შემთხვევაში მისი მიზეზი გასაგებია. დამლაგებელს შეუძლია თავს უფლება მისცეს და მიზეზები ჰქონდეს. დამლაგებლის პოზიციიდან ვიცე-პრეზიდენტის პოსტამდე კი მიზეზი უკვე კარგავს მნიშვნელობას. ვიცე პრეზიდენტს ეკისრება პასუხისმგებლობა ყველა იმ შეცდომაზე, რასაც მისი თანამშრომლები უშვებენ“, – სწორედ ასე უთხრა ჯობსმა ერთხელ თავის თანამშრომლებს, ერთ-ერთი მათგანი კი ამ ეპიზოდს  თავის წიგნში იხსენებს, რომელიც მალე ჩაეშვება გაყიდვაში.

ლიდერისათვის მნიშვნელობა აღარ აქვს მიზეზებს, მთავარი შედეგია – მიაჩნდა სტივ ჯობსს. იგი თვლიდა, რომ ბევრი ადამიანი თავის წარმატებას ან წარუმატებლობას გარე ფაქტორებს და ხშირად, სხვა ადამიანებს მიაწერს.

წარმატების მიღწევის შემთხვევაში ასეთი ადამიანები თვლიან, რომ ამაში სხვები დაეხმარნენ. წარუმატებლობასაც ასევე სხვებს აბრალებენ, მიაჩნიათ, რომ სხვებმა ხელი შეუშალეს, არ დაემხარნენ და იმედი გაუცრუეს. საერთო ჯამში, მათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე  აღება არ სურთ.

წარმატებული ადამიანები კი ბოლომდე სხვის იმედად არასდროს არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ უნარი, შესაბამისი თანამშრომლები მოძებნონ და მათ პროფესიონალიზმს ენდობიან, მაინც პირადად აკონტროლებენ და ამოწმებენ ყველაფერს. ისინი მუდამ კონტაქტზე არიან საქმიანი ურთიერთობების ყველა მხარესთან და ყოველთვის მზად არიან ყველაზე უარესისთვისაც კი.

წარმატებულმა, ნამდვილმა ლიდერებმა იციან, რომ საბოლოო შედეგზე პასუხისმგებელნი სწორედ ისინი არიან და პასუხისმგებლობას არ გაურბიან.

აზრი არა აქვს ნერვიულობას ან ვინმეს ან რამის იმედად ყოფნას. ნამდვილ ლიდერებს ყოველთვის აქვთ გეგმა და გამოსავალი რთული ვითარებიდან.

საერთო ჯამში, შეგვიძლია  სტივ ჯობსის ლიდერობის ფორმულა ასე ჩამოვაყალიბოთ:

  • ნუ მოძებნით მიზეზებს და ნუ ეცდებით თავის მართლებას, იფიქრეთ შედეგზე.
  • არასოდეს დაეყრდნოთ სხვებს ბოლომდე და იყავით ყოველთვის საქმის კურსში.
  • ყოველთვის გქონდეთ გეგმა მოვლენების ყველაზე უარესი სცენარით განვითარებისთვისაც კი.
  • ნუ დაიწყებთ დამნაშავის ძებნას, იკისრეთ საბოლოო პასუხისმგებლობა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები