ნორვეგიის პოლიციამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმა.
შესაბამისი ინფორმაცია სამართალდამცავმა სტრუქტურამ დღეს გაავრცელა.
პრემიერი ერნა სოლბერგი სოციალური დისტანცირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა – მან დაბადების დღის აღსანიშნავად ოჯახური შეკრება მოაწყო.
ქვეყნის პოლიციის უფროსმა ოლე საივერუდმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჯარიმის ოდენობა 20 000 ნორვეგიული კრონა, ანუ 2 352 დოლარია.
პრემიერმა 60 წლის აღსანიშნავად, წვეულება ერთ-ერთ მთის კურორტზე თებერვლის ბოლოს გამართა. მაშინ ქვეყანაში 10 ადამიანზე მეტის შეკრება იკრძალებოდა, თუმცა წვეულებაზე 13 ადამიანი იმყოფებოდა.
ერნა სოლბერგმა მაშინ ბოდიში საჯაროდ მოიხადა, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ რეგულაციის დარღვევისთვის ის ჯარიმას გადაიხდის.
“იმისათვის, რომ სოციალური შეზღუდვების და კოვიდრეგულაციების მიმართ, საზოგადოების პატივისცემა შენარჩუნდეს, სამართლიანია პრემიერმა ჯარიმა გადაიხადოს. სოლბერგი არის ქვეყნის ლიდერი და ის ვალდებულია, დაიცვას წესები, რომელიც ხელისუფლებამ ვირუსის შეკავებისთვის დააწესა.” – განაცხადა პოლიციის უფროსმა.
ნორვეგიაში მიმდინარე წლის დასაწყისში ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდა დაფიქსირდა, რასაც ქვეყანაში ვირუსის უფრო გადამდები ვარიანტის აღმოჩენა და შესაბამისად, რეგულაციების გამკაცრებაც მოჰყვა.
Worldometers-ის მსოფლიო კოვიდრუკაზე ნორვეგია ამ დროისთვის 88 ადგილს იკავებს ინფიცირების 101 960 შემთხვევითა და 684 გარდაცვლილით.