გახსოვთ გერმანელი ტაქსისტის ჰაზირის ისტორია, რომელმაც მანუელ ნოიერი წაიყვანა, მერე კი ფეხბურთელს დაკარგული საფულე მიუტანა?
გავიხსენოთ:
ჰაზირმა ნახა Visa Card Platinum და შავი Mastercard, 800 ევრო ნაღდი ფული და მანუელის მისამართი.
საფულის დასაბრუნებლად ტაქსისტმა დაახლოებით 120 კმ გაიარა ქალაქ ტეგერნზემდე, ამისთვის 400 ევრო დახარჯა საწვავსა და სხვა რაღაცეებზე (რად უნდა 400 ევრო 100 კმ-ს, მაგრამ მაინც).
ორი კვირის შემდეგ კი საფოსტო ყუთში მანუელის მაისური ნახა, წერილის ან კომენტარის გარეშე და საბოლოოდ აიცრუა გული ადამიანობაზე.
„4 შვილი მყავს, – უთხრა მან Sky Germany-ის. – მისი ჯილდო – დაცინვაა. რა ვუყო ახლა ამ მაისურს?“
რა უყოს და ტაქსის მძღოლმა გადაწყვიტა მაისური აუქციონიდან გაეყიდა. რამდენიმე დღეში ჰაზირს მყიდველი გამოეხმაურა. ვინ? „ბაიერნის“ კიდევ ერთი ლეგენდა – ლოთარ მათეუსი!
მათეუსმა ათასი ევრო გაიღო და მაშინვე ბავშვთა საქველმოქმედო ფონდს გადასცა. ახლა ნოიერის მაისურს კიდევ ერთხელ გაყიდიან, რათა მან ბავშვებს სარგებელი მოუტანოს.