თბილისში ტაქსების რეგისტრაცია-ნებართვიანობის პროცესი აგვისტოდან ნოემბრამდე პერიოდში მოხდება. 1-ელი ნოემბრიდან რეგისტრაციის გავლის გარეშე ტაქსით მომსახურეობა უნებართვო საქმიანობად ჩაითვლება და 200 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. განმარტებები რეგისტრაციის პირობებთან დაკავშირებით თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ გააკეთა.
“აგვისტოდან ნოემბრის თვემდე დაიწყება რეგისტრაცია-განებართვიანება და უკვე დაახლოებით 1 ნოემბრიდან ყველა ის ადამიანი, რომელიც ტაქსის სერვისს ახორციელებს და არ აქვს გავლილი რეგისტრაცია, იქნება უნებართვო საქმიანობად ჩათვლილი და დაექვემდებარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ 200 ლარიან სანქციას. მინდა კიდევ შევახსენო საზოგადოებას, რომ პირველ ეტაპზე ტაქსით სარგებლობის ლიცენზიისთვის საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ერთჯერადი მოსაკრებლის შეტანა დაახლოებით 50 ლარის ოდენობით. ეს არის ერთჯერადი გადასახადი, ფაქტობრივად, ფურცლის ფულია. ჰიბრიდული ავტომობილებისთვის გადასახადი იქნება 50% სრული გადასახადის, ხოლო ელექტრომობილებისთვის უფასო, ჩვენ ამით ვახალისებთ ამ მიმართულებას და სხვა სანებართვო პირობა არ იქნება,” – განაცხადა მაია ბითაძემ.
მერის მოადგილის განმარტებით, გავრცელებული ინფორმცაია, რომ ტაქსები დამატებით დაიბეგრებიან, სიცრუეა.
“იყო მოარული ხმები, რომ ტაქსების ნებართვიანობა მოიაზრებს იმას, რომ გადასახადებით დაიბეგრებიან ტაქსის მძღოლები და ეს არის სრული სიცრუე. არანაირი ახალი გადასახადი არ იქნება. ყველა ის შეღავათიანი სარეჟიმო სისტემა, რაც მიკრობიზნესისთვის არის დღეს, არის მოქმედი, შენარჩუნდება ტაქსტის მძღოლებისთვის,” – განაცხადა მაია ბითაძემ.