არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელს საცხოვრებელი სახლი გადაეცემა. ახალგაზრდა ქალსა და მის ნათესავებს შორის სამემკვიდრეო დავა 2023 წლის 23 მაისს მორიგებით დასრულდა, რის საფუძველზეც ის 22 000 დოლარის ღირებულების კეთილმოწყობილ სახლის მესაკუთრე გახდა.
საქმეზე „საფარის“ იურისტი, ცირა ჯგერენაია 2021 წლიდან მუშაობს. პროცესში ჩართული იყო ორგანიზაციის იმერეთის რეგიონის იურისტი, სალომე სალდაძეც.
ახალგაზრდა ქალი 20 წლისაა. მასთან მუშაობა „საფარმა“ 2021 წელს, პანსიონის დატოვებიდან რამდენიმე თვეში დაიწყო.
„მას არ გააჩნდა საცხოვრებელი ადგილი, თავს მეგობართან აფარებდა. პანსიონატში ყოფნის დროს მას არ მისცემია შესაძლებლობა დაუფლებოდა დამოუკიდებლად ცხოვრებისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს, შესაბამისად მას ბევრი, თითქმის გადაუჭრელი სოციალური პრობლემებიც აწუხებდა“, – ამბობს იურისტი, ცირა ჯგერენაია.
ნინოწმინდის პანსიონი 2012-21 წლებში ბიუჯეტიდან 9.8 მილიონით დაფინანსდა – ფლანგვის დეტექტორი
ორგანიზაციის ცნობით, იურისტთა გასაუბრებისას მან ახსენა, რომ რამდენჯერმე იყო ნამყოფი მამისეულ სახლში, ქალაქ ქუთაისში. მამა 2007 წელს, 4 წლის ასაკში გარდაეცვალა. იურისტმა ცირა გჯერენაიამ მასთან გასაუბრების შემდეგ საქმის გამოკვლევა დაიწყო და აღმოაჩინა, რომ ქუთაისში, ახალგაზრდა ქალის ბაბუის საკუთრებაში მართლაც ფიქსირდებოდა საცხოვრებელი სახლი. ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, სახლი უკანონოდ, არაერთი დარღვევის საფუძველზე ერთ-ერთმა მემკვიდრემ დაირეგისტრირა საკუთრებაში.
„მე მიმუშავია ნინოწმინდის პანსიონატის არაერთ ყოფილ აღსაზრდელთან. ამ ადამიანებისათვის ცხოვრების დამოუკიდებლად გაგრძელება და საზოგადოებაში ინტეგრაცია ძალიან დიდი გამოწვევაა, რადგან პანსიონატში ყოფნის პერიოდში ისინი იმყოფებოდნენ სრულიად იზოლირებულ გარემოში. მათ არ შეუწყვეს ხელი გამოემუშავებინათ დამოუკიდებლად ცხოვრების და გადაწყვეტილებეების მიღების უნარ-ჩვევები.
ამასთან, პასიონატში ყოფნისას, სისტემატურად იყვნენ სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის, ანუ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლები. ამიტომ, ყველა ის შემთხვევა, როდესაც სამართლებრივი ბრძოლა მათთვის აჩენს ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნის შესაძლებლობას, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაღელვებელია”, – ამბობს ცირა ჯგერენაია და დასძენს, რომ ამ საქმის წარმატებით დასრულება ახალგაზრდა ქალს შესაძლებლობას მისცემს ჰქონდეს ცხოვრების ნორმალური პირობები, მიიღოს განათლება და უკეთ ინტეგრირდეს საზოგადოებაში.
„საფარმა“ დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში, სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოდან მოიპოვა მტკიცებულებები, რის საფუძველზეც ჯერ ქუთაისის საქალაქო, შემდეგ კი სააპელაციო სასამართლოებს მიმართა.
2023 წლის 23 მაისს საქმე მორიგებით დასრულდა – ახალგაზრდა ქალს $22000 ღირებულების სახლი გადაეცა.