არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ფლანგვის დეტექტორის, ინფორმაციით, ,,ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში სახელმწიფომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი ბიუჯეტიდან 9,8 მილიონი ლარით დააფინანსა, თუმცა მონიტორინგი ვერ, ან არ ჩაუტარებია.
“სახელმწიფო ყოველწლიურად ცენტრალური ბიუჯეტიდან 25 მილიონ ლარს გადასცემს საპატრიარქოს. სწორედ ამ 25 მილიონი ლარიდან ფინანსდება აღნიშნული ბავშვთა პანსიონიც. დაარსებიდან, 2012 წლიდა დღემდე პანსიონის დასაფინანსებლად 9,745,800 ლარი დაიხარჯა.
აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის გადაცემული თანხების სამართლებრივი კონტროლის მექანიზმები არ არსებობს, რადგან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აუდიტის სამსახურის მანდატი არ ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობაზე.
გარდა ფინანსური კონტროლის არარსებობისა, სახელმწიფო არც იმ სამართლებრივი კონტროლის მექანიზმებს იყენებს, რომელიც მას სასწავლო აღმზრდელობით დაწესებულებებში შესაბამისი კონტროლის განხორციელებას ავალდებულებს. ამის პარალელურად ყოფილი სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 6 წლის წინ მათ ანგარიშებში საუბარი იყო ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე პანსიონი აღსაზრდელების მიმართ.
აღსანიშნავია მეუფე სპირიდონის სიძულვილის ენით გამსჭუალული ქადაგებები, სადაც ის სიძულვილით და დამამცირებლად მოიხსენიებს სექსუალურ უმცირესობებს, ლანძღავს დასავლურ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებს და მრევლს მოუწოდებს რომ უკრაინის, ბელორუსისა და რუსეთის გაერთიანებისთვის ილოცონ”, – წერია ინფორმაციაში.
ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონი 2012 წელს დაარსდა და მას შემდეგ ბიუჯეტიდან 9.8 მილიონი ლარი გადაუხადეს.
დღეს, შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პანსიონში გამოძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.