LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ამოწმებს

84
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სალიცენზიო პირობებს ამოწმებს.

სააგანტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ლიცენზია 2015 წლის აპრილში გასცა.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შესაბამისად, დაწესებულებას სააღმზრდელო პროგრამა უნდა ჰქონდეს, ჰყავდეს შესაბამისი რაოდენობის და კვალიფიკაციის პერსონალი, ინფრასტრუქტურა, აღსაზრდელებს უნდა შესთავაზონ შესაბამისი კვებითი რაციონი, და ა.შ.

სააგენტოს ცნობით, კანონის თანახმად, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა უვადოდ და აღნიშნულ დაწესებულებას სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია შეჩერებული/შეწყვეტილი არასდროს ჰქონია.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მქონე დაწესებულებებს საქართველოს მთავრობის N 66 დადგენილების, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით და „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის შესახებ“ საქართველოს კანონით ამოწმებს.

„სააღმზრდელო დაწესებულებებს, კანონმდებლობით ევალებათ, საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ, ყოველწლიური ანგარიშგების წარმოდგენა. ნინოწმინდის დაწესებულებას, ანგარიშგების შევსებული ფორმა წარმოდგენილი აქვს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

დაწესებულების მიერ 2017-2018 წლებში  ანგარიშგების წარმოდგენა არ მოხდა, რის გამოც რეგულირების სააგენტომ, როგორც 2017, ისე 2018 წლებში, სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების გადამოწმების მიზნით, ადგილზე ვიზიტი განახორციელა ,“ – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

მათივე ცნობით, შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, ორივე შემთხვევაში, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და სასამართლოს გადაეგზავნა.

როგორც სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, რეგულირების სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სერვისის მიმწოდებლების შერჩევითი კონტროლი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინფორმაცია მომსახურების მიწოდების პირობების გაუარესებასთან დაკავშირებით.

„აქვე აღვნიშნავთ, რომ რეგულირების სააგენტოს მანდატი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად შემოიფარგლება. ბავშვთა 24 საათიან დაწესებულებებში, მათ შორის, ნინოწმინდის დაწესებულებაში, აღსაზრდელების კანონიერი წარმომადგენელი არის სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს სააღმზრდელო დაწესებულებებში ჩარიცხული ბენეფიციარების უფლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, შესაძლო ძალადობის ფაქტებზე რეაგირების კუთხით,“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.