დედაქალაქის მერიის სხდომის პარალელურად ნინოშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა მერიის წინ აქცია გამართეს. ისინი მერთან და მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, 35-ე სკოლის სპორტული ბაზა, რომელიც ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაშია, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიას უნდა გადაეცეს. აქციის მონაწილის ირაკლი მურღულიას თქმით, მერიის ქონების მართვის სამსახურს წინასწარ აქვს წერილობით თანხმობა გაცემული, რომ ამ ადგილას მშენებლობა დაიწყოს.
„ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ ის მიწა, რომელიც არასოდეს ყოფილა განაშენიანებული, სადაც ყოველთვის იყო სპორტი და რეკრეაცია და არ გასხვისდეს და არ გახდეს პოლიგონი მშენებლობისათვის. ეს ტერიტორია 35-ე სკოლის სპორტული ბაზა იყო. მერიაში შეტანილია განაცხადი „m2“-ის მიერ, ჯერ კიდევ ოქტომბერში, რომ ამ ტერიტორიაზე შეათანხმონ განაშენიანების გეგმა. თუმცა, ართულებს ის, რომ ქონების მართვის სამსახურს წინასწარ აქვს წერილობითი თანხმობა მიცემული, რომ თანახმაა ამ მშენებლობაზე. ანალოგიურად, საკრებულოში გადაგზავნილია მოთხოვნა, რომ ამ ტერიტორიას შეეცვალოს ფუნქციური ზონის სტატუსი“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის მონაწილეებს გამოეხმაურა თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე. მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტი ქალაქის ინტერესებთან შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ჩვენი ნებისმიერი გადაწყეტილება იქნება დაბალანსებული და არ დავაზიანებთ არც ადგილობრივების ინტერესებს. მე აქციის მიზეზს საერთოდ ვერ ვხედავ. არაფერი აქტიური განცხადება არ არის, რომ ჩვენ ახლა ნინოშვილზე მშენებლობის ნებართვას გავცემდეთ. შეხვედრაზე ჩვენ უარს არასდროს არ ვამბოთ, მათ შორის პირადად მე. ყოველთვის ვეუბნებით, რომ ამობრძანდნენ და დავილაპარაკოთ. აქციის მიზანს მე საერთოდ ვერ ვხედავ, მით უმეტეს, რომ განხილვის რეჟიმში არც ვიმყოფებით. მუნიციპალიტეტი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ქალაქის ინტერესებთან შესაბამისობაში“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.