იქ კონცერტი ჩემთვის არანაირი ძალადობა და აგრესია არ არის არავის მიმართ, – ამის შესახებ ანსამბლ „სუხიშვილების“ დირექტორმა ნინო სუხიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ეთერში 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ კონცერტზე საუბრისას განაცხადა. ის ამბობს, რომ ბალეტი ყველას და ყველაფრის მიმართ ტოლერანტულია. შესაბამისად, მისთვის ეს აგრესია გაუგებარია.
„მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ ყველანაირი აგრესიისა და ძალადობის, ყველა ფორმის გამოვლინებით წარმოუდგენელია ჩემთვის და არ მივესალმები ამას არასდროს. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ სამების წინ კონცერტი, საერთოდ სამების სავანე არის ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის აღორძინების ადგილი, ამიტომ იქ კონცერტი ჩემთვის არანაირი ძალადობა და აგრესია არ არის არავის მიმართ. ჩემთვის პატივია სამების წინ კონცერტში მონაწილეობის მიღება. თან მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და თამამად ვაცხადებ, რომ ვდეგავარ იქ, სადაც ჩემი ეკლესია დგას“, – აღნიშნა ნინო სუხიშვილმა.
კითხვაზე იყო თუ არა ამ სიტყვები გამო მუქარები მის მიმართ, ალბათ იყო, რაც მისთვის გაუგებარია.
„იყო ალბათ, რაც ჩემთვის გაუგებარია, რადგან ჩვენ ნამდვილად არავის მიმართ ძალადობას არ ვიჩენთ. პირიქით, აბსოლუტურად ტოლერანტულები ვართ ყველასა და ყველაფრის მიმართ. ჩემთვის საერთოდ ეკლესია არის სიკეთე და სიყვარული. ღმერთი არის სიყვარული. არ მესმის, რატომ მოიაზრება ეს აგრესიად. რასაკვირველია, ალბათ რაღაც ინციდენტების გამო არის ეს დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ, მაგრამ ცუდი და კარგი, ბოროტი და კეთილი ყველგან არის – ერშიც და ბერშიც. ზუსტად ჩვენ საზოგადოებამ და მამაომაც ალბათ უნდა ვეცადოთ, რომ ეკლესია რაღაცნაირად შიგნიდან გამოვასწოროთ, რაც იქ არ მოგვწონს და არა გარედან. ათეიზმით არ შეიძლება, აკრიტიკო ეკლესია“, – განაცხადა ნინო სუხიშვილმა.
17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2013 წლის 17 მაისს ძალადობრივმა ჯგუფებმა, მათ შორის ანაფორით შემოსილმა პირებმა მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. ამის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს ეს დღე “ოჯახის სიწმინდის დღედ” გამოაცხადა.
წელს ამ დღის აღსანიშნავად რამდენიმე ღონისძიება იგეგმება, მათ შორისაა სამების საკათედრო ტაძრის გალავანთან გალა კონცერტი.
რაც შეეხება ნაციონალურ ბალეტ სუხიშვილებს, მათი ინფორმაციით, კონცერტზე სტუდიის კურსდამთავრებული ბავშვები იცეკვებენ.