LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ხარატიშვილის ახალი წიგნის გამოცემის უფლება ამერიკულმა მსხვილმა გამომცემლობა „ჰარპერს კოლინზმა“ შეიძინა!..

80
ninoxaratishvili

გამომცემელი, მთარგმნელი გვანცა ჯობავა სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის შესახებ. მასთან ახალ წიგნზე კონტრაქტი ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ამერიკულმა გამომცემლობამ შეიძინა, რაც ქართველ მწერალს წარმატების სრულიად ახალ, მასშტაბურ საფეხურზე აიყვანს, ეს კი ქართული ლიტერატურისთვისაც დიდი მიღწევა იქნება.

გთავაზობთ გვანცა ჯობავას პოსტს:

„ამ წუთებში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნა მიმდინარეობს. ჩვენ, სამწუხაროდ, პანდემიური შეზღუდვების გამო წელს არც საქართველოს სტენდი გვაქვს და ჩვენს უმრავლესობას თბილისში დარჩენა მოუხდა, თუმცა, ფრანკფურტშია ჩვენი საუკეთესო ელჩი ნინო ხარატიშვილი, რომელსაც გასაოცარი სიახლე აქვს და მას დღეს მისი ევროპელი გამომცემლები საგანგებოდ მოწყობილ ლანჩზე ულოცავდნენ კიდევ ერთ დიდ წარმატებას!

დიდი სიხარულით მინდა გაგიზიაროთ, რომ ნინო ხარატიშვილის ახალი და ჯერ გამოუცემელი რომანის “The Lack of Light” საავტორო უფლება, წიგნის გამოცემამდე, უკვე შეიძინა ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა, უმთავრესმა გამომცემლობა „ჰარპერ კოლინზმა“!!!!!!! „ჰარპერ კოლინზმა“ ხალხო, გესმით ეს რას ნიშნავს? მსგავსი რამ ქართულ ლიტერატურას არ ახსოვს!!! ეს ნიშნავს, რომ ნინოს ამჟამინდელი წარმატება მონაგონი იქნება, ეს ნიშნავს, რომ მისი წარმატება ჩანჩქერივით გადაეშვება მაღალი კლდიდან და მოედება ყველას და ყველაფერს, ერთი წუთითაც კი არ მეპარება ამაში ეჭვი! და ეს არა მხოლოდ ნინოსთვის მისალოცო ამბავია, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ქართული ლიტერატურისთვის!

და არ იკითხავთ წიგნი რაზეა? ქეთო, ნენე, დინა და ინა – თბილისში, სოლოლაკის ერთ-ერთ იტალიურ ეზოში მცხოვრები ოთხი ქართველი გოგო, ქვეყანაში, რომელმაც სულ ახლახან მოიპოვა დამოუკიდებლობა, ქვეყანაში, სადაც ძალადობა და ქაოსი სუფევს, ქუჩის გარჩევები, სამოქალაქო დაპირისპირება, შიმშილი, სიცივე, მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობი 90-იანი წლები და მისი მთელი ტრაგედია.

ახალი რომანის საავტორო უფლება აშშ-ს გარდა, ჯამში უკვე ცხრა ქვეყანამ შეიძინა და მათ შორისაა ცხადია საქართველოც და გამომცემლობა „ინტელექტი“! წიგნის გამოცემამდე ვიწყებთ თარგმანზე მუშაობას, წიგნის მთარგმნელი მაია ფანჯიკიძე იქნება! მოემზადეთ ნინოსთან ერთად ახალი საოცარი თავგადასავლისთვის!“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები