ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ვარაუდობს, რომ დაგროვებით საპენსიო სისტემაში საწყის ეტაპზე დაახლოებით, ჯამურად, 500 000 – 600 000 ადამიანი იქნება ჩართული. როგორც ნინო ჯავახაძემ აღნიშნა, კანონპროექტი პარლამენტში წლის ბოლომდე შევა.
კითხვაზე, თვითდასაქმებულებიდან ვის შეეძლება დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა, ნინო ჯავახაძის განცხადებით, მათი გარკვეული შემოსავალი უნდა ფიქსირდებოდეს სისტემაში.
“ამას აქვს ერთი მიზეზი – როგორც იცით, სახელმწიფო უკეთებს კონტრიბუციას ნებისმიერ ადამიანს, ვინც სისტემაში მონაწილეობს, იმისთვის, რომ ეს კონტრიბუცია განვახორციელოთ, უნდა ვხედავდეთ სისტემაში ადამიანს და მის შემოსავლებს, რათა დავითვალოთ. შესაბამისად, ადამიანები, რომელებიც სისტემაში ფიქსირდებიან, იქნებიან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელები, ინდმეწარმეები და ა.შ. ისინი სისტემაში მონაწილეობას შეძლებენ”, – განაცხადა ჯავახაძემ. მისივე თქმით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით, 700 000 ადამიანია. სულ თვითდასაქმებულები – მილიონზე მეტია.
“ვვარაუდობთ, რომ საწყის ეტაპზე დაახლოებით, ჯამურად, 500 000 – 600 000 ადამიანის იქნება სისტემაში ჩართული”, – განაცხადა ჯავახაძემ.
კითხვაზე, საპენსიო ფონდში დამქირავებლისთვის ყოველთვიური 2%-იანი შენატანის ვალდებულება ხომ არ აისახება დასაქმებულის ხელფასზე, მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2% – ეს არის ძალიან მცირე კონტრიბუცია. “რომ გადახედოთ ჩვენ გარშემო ფაქტობრივად, ყველა ქვეყანაში ამაზე გაცილებით დიდი კონტრიბუციაა, შესაბამისად, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამან რაღაც სერიოზული დაწოლა შეიძლება მოახდინოს შრომის ბაზარზე. ჩვენ ასეთი მოლოდინი არ გვაქვს”, – განაცხადა ჯავახაძემ.
კითხვაზე, თუ ადამიანს შემოსავალი რამდენიმე ადგილზე მუშაობიდან აქვს, რომელი დამსაქმებელი იქნება ვალდებული საპენსიო ფონდში 2%-იანი ყოველთვიური შენატანი განახორციელოს, ნინო ჯავახაძის განცხადებით, ყველა ადამიანს აქვს ინდივდუალური საპენსიო ანგარიში და როცა ამ ანგარიშზე თანხა წლიურად ჯამურად, 60 000-ს მიაღწევს, მისი ყველა დამსაქმებლის ვალდებულება წყდება.
“ანუ ყველა დამსაქმებელი თავისი დასაქმებულის სასარგებლოდ ვალდებულია, რომ ეს შენატანი შეიტანოს, როგორც კი ჯამური თანხა წლიურად 60 000-ს მიაღწევს, ყველა დამსაქმებლის ვალდებულება წყდება”, – განაცხადა ჯავახაძემ.