LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ისაკაძე: „ვაქცინის სიმპტომები, თუნდაც მძიმედ გამოხატული, 24-48 საათში გადის…“

301
isakadze2023445

ქართველი ექიმი, კარდიოლოგი ნინო ისაკაძე, რომელიც ბალტიმორის ჯონ ჰოპკინსის ჰოსპიტალში მოღვაწეობს, წერს ვაქცინისა და ვაქცინაციის შესახებ და აღნიშნავს, რომ ის და მისი კოლეგები უკვე აიცრნენ, წერს იმ სიმპტომების შესახებ, რომლებიც მსუბუქად გამოეხატა ვაქცინაციის შემდეგ.

„არ ვაპირებდი ვაქცინაზე დაწერას, რადგან საქართველოში ჯერ არ არის შემოტანილი, მაგრამ ვხედავ იმას, რომ ქართულ საზოგადოებაში ვაქცინების მიმართ სკეპტიციზმი იზრდება.

რა თქმა უნდა, ვაქცინაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს და ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, გაიკეთებს თუ არა აცრას. ერთი რამე ცხადია, პანდემიის დასრულება დროულად ვაქცინაციის გარეშე შეუძლებელია.

Pfizer/BioNTech და Moderna ვაქცინებით 15 თებერვლის მონაცემებით აიცრა 27 ათასზე მეტი ჰოპკინსის თანამშრომელი თავისი ნებით (მხოლოდ მერილენდის კამპუსებში), მათ შორის მე და ჩემი მეგობრები.

პირველი ვაქცინის შემდეგ (Pfizer/BioNTech) საერთოდ არაფერი მიგრძნია, მეორე ვაქცინის შემდეგ, მეორე დღეს მქონდა მსუბუქი სისუსტე.

ვაქცინა ააქტიურებს იმუნურ პასუხს, ზუსტად ეს არის მიზანი – ამიტომ, სიცხე, სისუსტე, კუნთების ტკივილი და ა.შ. ნიშანია იმის, რომ იმუნიტეტი მუშავდება და სასიხარულოა. ეს სიმპტომები, თუნდაც მძიმედ გამოხატული, 24-48 საათში გადის. ვაქცინასთან ხელმისაწვდომობა პრივილეგიაა და დიდი იმედი მაქვს, მალე საქართველოშიც შეგეძლებათ დაიცვათ თქვენი თავი, ოჯახის წევრები და სხვა ადამიანები თქვენს გარშემო“.