ნინო დარასელი ჟურნალ „სარკესთან“ დედის დაკავების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მის გარეშე თავს ძალიან მძიმედ გრძნობს: „რუსუდანი ძალიან ძლიერი ადამიანია. კაცებს ეშინიათ ხოლმე და ერთი წუთით არ მიგრძნია, რომ ეშინოდა. ვაჟკაცურად შეხვდა ამ ამბავს. მანამდე სინდისის ქენჯნას განიცდიდა, რომ მხოლოდ მაია იყო დასჯილი. ზუსტად ვიცი, ახლა თავის თავზე არ დარდობს. ახლა დარდობს, როგორ ვართ ჩემი შვილები, ჩემი ქმარი და ა.შ. როგორც კი საშუალება მიეცემა და დამირეკავს, აუცილებლად ვეტყვი, რომ კარგად ვარ და ეს იქნება ტყუილი, რადგან მის გარეშე კარგად ნამდვილად არ ვარ“.
ნინო დარასელი აღნიშნავს, რომ ოჯახს უძრავი ქონების სახით იმდენი ქონება აქვს, რომ ყველა დაზარალებულს დააკმაყოფილებენ.
რაც შეეხება ვახო რჩეულიშვილის მდგომარეობას, „სარკის“ რესპონდენტის თქმით, ის კომიდან გამოვიდა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მან იცის თავისი დიაგნოზი, „სამწუხაროა, რომ დარდმა ასეთი დაავადება დამართა. აქამდე დედაჩემი ადგა თავზე. ახლა კი ძალიან გულისამაჩუყებელია, რომ გუკას ბავშვობის მეგობარი, ჯაბა ჯინჭარაძე ადგას თავზე, რადგან სხვა არავინ დაგვრჩა. მე ბავშვს ვზრდი და ვერ შევძლებ სულ იქ ყოფნას…“, დასძენს ნინო დარასელი ჟურნალთან საუბრისას.