“იმედი მინდა ვიქონიო, რომ ამ მიმართულებით სალომე ზურაბიშვილი ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს”, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი, იმისათვის, რომ ქვეყანა ევროპული პერსპექტივისკენ კიდევ უფრო წინ წავიდეს.
„მინდა ყველას მივულოცო სრულიად საქართველოს ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული. ასევე, ყველას ვულოცავ 9 აპრილის დღეს. ვფიქრობ, ეს დღე არის სიამაყის, ტკივილის და ამავდროულად იმედის დღეც. ერთი, რაც მინდა გითხრათ, ამ ღონისძიებაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა ჩაატარა, ნებისმიერი ამ ტიპის შეხვედრებს მივესალმები, სადაც განსხვავებული ადამიანები შეკრებილები არიან, ერთი ამოცანით, რომ საქართველო ნორმალური, წარმატებული და ევროპული ტიპის სახელმწიფო გახდეს.
ისეთი ამაღელვებელი იყო, როდესაც დააჯილდოვეს ორი ახალგაზრდა ქალი, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს და 2023 წლის 7-8 მარტის მოვლენების დროს ერთი და იმავე რამისთვის იბრძოდნენ, რომ ეს ქვეყანა გახდეს ნორმალური, რეალურად სუვერენული, ევროპული და დემოკრატიული. სიმართლე გითხრათ გულისტკივილის განცდა დამიტოვა, რომ ფაქტობრივად, ისევ იქ ვართ, სადაც 30 წლის წინ ვიყავით. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი, იმისათვის, რომ ქვეყანა ევროპული პერსპექტივისკენ კიდევ უფრო წინ წავიდეს და იმედი მინდა ვიქონიო, რომ ამ მიმართულებით სალომე ზურაბიშვილი ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.