LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ გაგუა: ექსპორტის შემცირება ფასისმიერი ეფექტითაა გამოწვეული

82

ექსპორტის შემცირება გამოწვეულია ფასისმიერი ეფექტით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ “საქსტატის” საგარეო ვაჭრობის მონაცემების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, 12%-ით ექსპორტის შემცირება არის ფასის ეფექტი და არა რეალური ექსპორტის შემცირების მაჩვენებელი – ანუ შემცირდა საექსპორტო პროდუქტის ფასი ფეროშენადნობებეზე, თხილზე და ა.შ.

”ექსპორტის ხსენებული მონაცემი არის ნომინალური. უკეთესი ანალიზისთვის მნიშვნელოვანია შევხედოთ ასევე რეალურ მონაცემებს ანუ ექსპორტის დინამიკას ფასის ეფექტის გამოკლებით. ხაზი უნდა გაესვას, რომ ექსპორტში კლება გამოწვეულია მხოლოდ ფასისმიერი ეფექტით. პირველ და მეორე კვარტალში გვქონდა პრაქტიკულად ნულოვანი კლება, ხოლო ივნისში გვაქვს რეალური ზრდა 2.9 პროცენტი,” – განაცხადა გაგუამ.

რაც შეეხება იმპორტის შემცირებას, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განმარტებით, პოზიტიური გარემოებაა ის, რომ გაიზარდა საინვესტიციო საქონლის იმპორტი. შესაბამისად, შემცირება მოდის სამომხმარებლო და შუალედურ საქონელზე და ეს ჯანსაღი სახის შემცირებაა.

ნიკოლოზ გაგუას თქმით, 2016 წლის 7 თვეში სავაჭრო ბალანსი 84 მლნ აშშ დოლარით არის გაუმჯობესებული.

2016 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6548 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია;

აქედან ექსპორტი 1122 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 5426 მლნ. აშშ დოლარს (25 პროცენტით მეტი).

აღსანიშნავია, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 3869 მლნ. აშშ დოლარს (6 პროცენტით ნაკლები).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-ივლისში 4304 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 66 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 898 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.