LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე დავა დასრულდა – “ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით, რომ ეს იყო მოგონილი ისტორია”

318
ნიკოლოზწწ

საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე დავა დასრულდა, მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილმა მოსარჩელე ბიზნესმენის, ირაკლი კაჭარავას არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა – ამის შესახებ „ფორტუნას“  ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა.

საქმესთან დაკავშირებით, ბასილაშვილის წარმომადგენელი ფორტუნას ეუბნება, რომ  ბიზნესმენები, ძმები კაჭარავები ცნობილ ჩოგბურთელს რამდენიმე მილიონ ლარს და გაყიდულ თამაშებს ედავებოდნენ. თუმცა როგორც კაჭარავას ადვოკატი მარიკა არევაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, მათი სარჩელი გაყიდულ თამაშებს არ შეეხებოდა “ვითხოვდით სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, თანხის ანაზღაურებას. ირაკლი კაჭარავა ნიკოლოზ ბასილაშვილს არ ედავება გაყიდულ თამაშებთან დაკავშირებით,”-ამბობს არევაძე ჩვენთან საუბრისას და დასძენს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

როგორც „ფორტუნასთან“ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ აცხადებს, მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილმა არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ადვოკატის თქმით, მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ადვოკატების წარდგენილი მტკიცებულებები.

„ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით, რომ ეს იყო მოგონილი ისტორია, რომელიც მხოლოდ ბასილაშვილის პატივისა და ღირსების შელახვას ემსახურებოდა და არამარტო საქართველოში, არამედ უცხოეთში სხვადასხვა ცილისმწამებლურ განცხადებებს ავრცელებდნენ. ამბობდნენ, რომ იყო არაკეთილსინდისიერი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რომელიც მის დანაშაულს დაადასტურებდა. სასამართლო რამდენიმე თვის განმავლობაში  განიხილავდა ამ საქმეს და ცალსახად დაადასტურა, რომ არანაირი მტკიცებულება ბასილაშვილის წინააღმდეგ არ არსებობდა,“ – განუცხადა ირმა ჭკადუამ „ფორტუნას“.

ჩვენ ასევე  დავუკავშირდით ირაკლი კაჭარავას ადვოკატს, მარიკა არევაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ საქმესთან დაკავშირებით ხვალ გეგმავენ ბრიფინგის გამართვას, სადაც საქმის დეტალების გასაჯაროებას გეგმავენ.

ბიზნესმენის ადვოკატის განცხადებით, განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებენ.

„ვითხოვდით სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, ანაზღაურებას. ირაკლი კაჭარავა ნიკოლოზ ბასილაშვილს არ ედავება გაყიდულ თამაშებთან დაკავშირებით. ჩვენი ინფორმაციით, გაყიდულ თამაშებზე ნიკოლოზ ბასილაშვილთნ დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს ინგლისში. თუმცა რა ეტაპზეა საქმე და ვინ უჩივის, ეს ჩვენთვის ცნობილი არაა. ინგლისის დავა ჩვენს დავასთან კავშირში არაა“. – აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბარში მარიკა არევაძემ.

ცნობისთვის, ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავა ბასილაშვილს ექვსი წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებდა.

საქმის მიმდინარეობისას, ბიზნესმენის ადვოკატი მარიკა არევაძე აცხადებდა, რომ ირაკლი კაჭარავამ ნიკოლოზ ბასილაშვილის სპორტულ კარიერაში ინვესტიცია ჯერ კიდევ 2015 წელს ჩადო და წლების განმავლობაში, ჩოგბურთელს აუნაზღაურებდა მთელ რიგ ხარჯებს.

იმავე ხელშეკრულებაში ჩადებული იყო პუნქტი, რომლის თანახმადაც, თუკი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს რეიტინგის ორმოცდაათეულში შევიდოდა, მაშინ მისი საპრიზო და სარეკლამო ჰონორარებიდან წილი ირაკლი კაჭარავასაც უნდა მიეღო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კაჭარავას სარჩელი წარმოებაში 2021 წლის 27 აპრილს მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები