LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკო ნერგაძე „ვოლტის“ კურიერზე: „მე რომ მომწეროს, რა ლამაზი სახლი გქონიაო, ნორმალური იქნება?“

1623
news201029

დღეს დილიდან სოცქსელებში აქტუალურია ე.წ. „ვოლტის საქმე“. ერთმა გოგონამ ერთ-ერთ ჯგუფში განათავსა ამონარიდი მისი და „ვოლტის“ კურიერის მიწერ-მოწერიდან, საიდანაც ირკვევა, რომ კურიერმა მას პრიად ნომერზე კომპლიმენტი მისწერა, რის შემდეგაც გოგონა მას სამსახურიდან მისი გაგდებით დაემუქრა. ზოგი გოგონას მხარეს იჭერს, ზოგი – კურიერისას. კურიერს არ ამართლებს რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი, ნიკო ნერგაძე, რომელიც წერს:

„ვახ, ამხელა სტატუსი ცხოვრებაში არასოდეს დამიწერია. იმ კურიერის ამბებზეა.

ვინც არ იცის: ორი დღის წინ „ვოლტის“ კურიერმა შეკვეთის მიტანის შემდეგ კლიენტს მიწერა, რა ლამაზი ხარო. კლიენტმა უთხრა, ამის გამო სამსახურს დაგაკარგინებო და შუა თითი უჩვენა. სკრინი დაიდო. კურიერი ჯერ გაათავისუფლეს, მერე დააბრუნეს და ორი დღეა დიდი გარჩევა მიდის. რა არის მანდ გასარჩევი ვერ ვხვდები, რადგან:

1. ქალისთვის საშიში სიტუაციაა, როდესაც უცხო კაცმა, რომელმაც მისი მისამართი და ტელეფონი იცის მის მიმართ ინტერესს გამოხატავს. შეიძლება არაფერი, „საყვარელი ბიჭი და ფლირტი გადაწყვიტა“. შეიძლება წლები ტვინის ბურღვა მოყვეს. რა, არ გაგიგიათ რამე ეგეთი ვინმე ახლობელზე? რომ ვიღაცა რეკავს და წერს და ზოგადად აწუხებს?
2. როდესაც კომპანიას ჩემს მისამართს და ტელეფონს ვაძლევ და კიდევ საკრედიტო ბარათის ნომერს, ესაა განსაკუთრებული ნდობა. რომ ამ მონაცემებს კომპანია მხოლოდ იმისთვის გამოიყენებს, რაზეც შევთანხმდით. თუ კომპანია ამ ნდობას არღვევს (კურიერი შვრება ამას თუ დირექტორი, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს), მე მიჩნდება სერიოზული კითხვები. მაგალითად, რითი ვარ დაცული, რომ კურიერი თავის მეგობარს არ ეტყვის, რომ მდიდრულ სახლში იყო, რომელშიც ერთი დაუცველი მოხუცი დახვდა. ახლა, მაგისგან ისედაც არ ვართ დაცული, მაგრამ კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რომ ამ შეკითხვების გაჩენის საბაბი არ მისცეს.
3. ათასი გიჟი არსებობს. მე რომ კურიერმა მომწეროს – „რა ლამაზი სახლი გქონია“. „კაი ტიპი ჩანხარ, მოდი, ვიმეგობროთ“. „რა ჭკვიანი შვილი გყოლია, რა კარგად ამბობდა ლექსს“ – დადებითი, თითქოს კარგი რამეები, ნორმალური იქნება? შემდეგ ჯერზე არ ვიყოყმანებ, კიდევ ვისარგებლო თუ არა ამ კომპანიის მომსახურებით? ცოტა საშიში არაა?
4. ის ბიჭი შეიძლება ძალიანაც კარგი ბიჭია. უდავოდ სისულელე გაკეთა, მაგრამ, ჩემი აზრით, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მოძალადეა და ჩასაქოლია. სისულელე ყველას გვიქნია, მთავარია, მერე რომ აგიხსნიან, რატომ არ უნდა გექნა, გაითვალისწინო. ჯერჯერობით, რასაც ვხედავ, უამრავი ჩემი მეგობარი ამტკიცებს, რომ სისულელე არ ყოფილა და მოსულა.
5. სამსახურიდან გაშვება-არგაშვება კომპანიის გადასაწყვეტია. ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, აუცილებლად გავუშვებდი, თუნდაც მეორე პუნქტის გამო.
6. იმ გოგოს ეგ სკრინი უნდა დაედო, თუ არ დაედო. ეგ, მე რომ მკითხო, უმეტესობა, რასაც დებენ ხოლმე, სულ არაა დასადები, მაგრამ, აბა, რატომ უნდა მკითხო. გადაწყვიტა და დადო. თავისი საქმეა.
7. უხეშად უნდა ეპასუხა თუ არა. უცხო ბიჭმა მიწერა და, როგორც უნდოდა, ისე უპასუხა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები