LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკო კვარაცხელიას დედა: ყველაზე მეტად მინდა, ძმები კაკულიების სახელი ნიკოს მკვლელობასთან არ ფიგურირებდეს.. ბრალს ჩვენ არ ვდებთ, პროკურატურამ დაგვიდო მასალა, სადაც მათი თანამონაწილეობა იკვეთება

220
Untitled design

2021 წლის 15 სექტემბერს, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე ეხმიანება სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გურამ კაკულიას დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ნიკო კვარაცხელიას საქმესთან ძმებ კაკულიებს არანაირი შეხება არ ჰქონიათ და რომ აღნიშნული პროვოკაციაა.

უკავშირდება თუ არა ძმები კაკულიების დაკავება ნიკო კვარაცხელიას საქმეს და არაყიშვილზე მომხდარ გარჩევას – რაც აცხადებს დაჭრილის დედა და ძმების ადვოკატი

როგორც  იზა ომაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გურამ და დავით კაკულიებს არა კვარაცხელიების ოჯახმა, არამედ პროკურატურამ დასდო ბრალი:

როდესაც სამართალდამცველებმა გიორგი კავილაძე აიყვანეს, მან სიტყვასიტყვით თქვა, რომ მათ მკვლელობა დაუკვეთა კაკულიამ. მე, როგორც დედას, ყველაზე მეტად მინდა, რომ ისინი ამ საქმის თანამონაწილეები არ იყვნენ. კავილაძის ოჯახი მათ პირდაპირ და ირიბად სდებდა ბრალს.

კაკულიებს ჩვენ არ ვადებთ ბრალს, ბრალი დასდო პროკურატურამ, საგამოძიებო მხარემ, რომელმაც ათი ათასი ფურცელი დაგვიდო, როგორ გეგმავდნენ ეს ახალგაზრდები ნიკოს მკვლელობას. მე ყველაზე მეტად მინდა, რომ მათი სახელი არ ფიგურირებდეს ნიკოს მკვლელობასთან.

მე მათ ვუსურვებ, რომ ძალიან ბედნიერები იყვნენ თავისი სიმართლით. როგორც ჩემი შვილი წარდგა ღვთის წინაშე, ისე წარდგებიან ისინიც. რაც შეეხება გიორგი კავილაძის ოჯახს, ამ ოჯახმა ათამდე ახალგაზრდას მოსდო ჩირქი. კავილაძის და ჭელიძის ოჯახს ქვეყანაში ცხოვრების მორალური უფლება არ აქვთ. ისინი სპეცსამსახურების თანამშრომლები არიან, განსაკუთრებით დედები და ეს პროცესი თავდაყირა მათ დააყენეს..

ნიკო მოკლა სისტემამ და ჩაითრია ყველა ის ახალგაზრდა, ეს იქნება გურამი, დავითი თუ ა.შ. ეს არის ჩემგან უტყუარი ინფორმაცია.

მათ ხელი კავილაძის ოჯახმა დაადო, ათ წუთში კი პოლიციამ. პოლიციელმა თქვა, რომ აი, ეს არის ვერსიაო. კაკულიებს კავილაძემ მისი აყვანის პროცესში დაადო ხელი და მე რა უფლება მაქვს, რომ არ მჯეროდეს? პროკურატურამ დაგვიდო მასალა, სადაც მათი თანამონაწილეობა იკვეთება. ყველაზე მეტად მინდა, რომ ისინი არ იყვნენ ამ პროცესის თანამონაწილეები“, – აღნიშნა ნიკო კვარაცხელიას დედამ.

იზა ომაძის თქმითვე, ახლა, პროკურატურაში საქმე ლაგდება:

„ლაგდება იმათ სასარგებლოდ, ვინც ჩვენ წინა პროცესზე შემოგვყვირა, 1 წელი და ოთხი თვე გახდა და რით ვეღარ იგლოვეთო. ალბათ, მათ გარეთ გამოუშვებენ, ალბათ, სხვები არიან მოსაკლავები, მე კავილაძეზე მაქვს საუბარი, კაველაძის ოჯახი ცდილობს, რომ დაიხსნას. ალბათ, კიდევ არის მოსაკლავი და კარგად აორგანიზებს კაველაძის ოჯახი მოკვლა-გამოხსნის ამბავს. საქმე ლაგდება ყველას სასარგებლოდ, ვინც ამ პროცესის თანამონაწილეა“, – განუცხადა იზა ომაძემ „ინტერპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს.

სამართალდამცველებმა აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავეს. სასამართლომ ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რაც შეეხება ძმები კაკულიების საქმეს – მათ არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.