თბილისში, ზანდუკელის ქ. #21-ში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა ცხოვრობდა, ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლთან იმყოფებიან მისი ნათესავები, მეგობრები, თანამებრძოლები, რომლებიც ჯერჯერობით არ ფლობენ ინფორმაციას, თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ნიკა რურუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, პირველადი ინფორმაციით, რურუა სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი.
როგორც რამდენიმე ახლობელმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, ნიკა რურუას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია.
მათივე ინფორმაციით, ნიკა რურუა სახლში დედამ იპოვა, რის შემდეგაც მან სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა.
ნიკა რურუა 50 წლის იყო. ის პარლამენტის მე-6 მოწვევის დეპუტატი და კულტურის მინისტრი გახლდათ. მისივე ინიციატივით საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი დაარსდა.