“თუ მისი მიზანია მიეცეს თვითგვემას, იყოს ციხეში და იქ მემუარები წეროს, წიგნები წაიკითხოს, განათლება გაიღრმავოს, ეს მისი არჩევანია, ჩვენ ამაში ვერ შევზღუდავთ,” – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური აკეთებს.
მისი განცხადებით, პროკურატურის თვითმიზანი ნიკა მელიას ციხეში ყოფნა არ ყოფილა. ღუდუშაურის თქმით, ნიკა მელიას შესაძლებლობა აქვს გირაოს გადახდის შემთხვევაში საპატიმრო დაწესებულება დატოვოს.
ჰელსინკის კომისია საქართველოს მთავრობას ნიკა მელიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
პოლიტიკოსები საქართველოს მთავრობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
“პროკურატურის თვითმიზანი არ ყოფილა ნიკა მელიას ციხეში ყოფნა. მას შესაძლებლობა აქვს, გირაო გადაიხადოს და მთავარი პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს სასამართლოს, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში დატოვოს საპატიმრო დაწესებულება,” – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
მისივ განცხადებით, ოპოზიცია დესტრუქციული ქმედებებით ცდილობს, როგორმე ვითარება არიონ და ამის საშუალებით ხელისუფლებაში მოვიდნენ.
“ერთ შანსსაც არ ტოვებენ, რომ ეს მდგომარეობა არ გამოიყენონ,“ – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნიკა მელიას საქმეზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.
სამართალდამცველებმა ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. მანამდე კი, სპეცრაზმმა ენმ-ს ოფისში ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გაუშვეს, რასაც შემდგომ ნიკა მელიას დაკავება მოჰყვა.
ნიკა მელიას საქმეზე ადვოკატების სარჩელი სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.