LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია დღეს პატიმრობაში რომ რჩება, ამაში დიდი წვლილი მის კოლეგებს მიუძღვით: არჩილ თალაკვაძე

123
არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, “ნიკა მელიას პატიმრობაში დიდი წვლილი მის კოლეგებს მიუძღვით, რადგან მათ კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე შეთანხმებაზე უარი თქვეს”. აღნიშნული განცხადება მან “პირველ არხთან” საუბრისას გააკეთა.

მისივე განცხადებით, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას პატიმრობაში ყოფნა სჭირდებათ და ამაზე გარკვეულ გეგმებს აწყობენ.

„სასამართლოს გადაწყვეტილების წინასწარი პროგნოზირება ჩემი კომპეტენცია არ არის, თუმცა პოლიტიკურ მოლაპარაკებებში ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსირეთ. პირველ რიგში მთავარია რეფორმები, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განხილული იყო შესაბამისი მექანიზმები გირაოს გადახდის შემთხვევაში, თუნდაც ამნისტიის საკითხი, რაც ევროპელმა მედიატორმა შემოგვთავაზა. სამწუხაროდ, ვნახეთ, რომ ოპოზიციამ უარი თქვა შეთანხმებაზე, მათ შორის ნიკა მელიასთან დაკავშირებით გამოსავლის ძიებაზე. შესაბამისად, მელია დღეს პატიმრობაში რომ რჩება, ამაში ძალიან დიდი წვლილი მის კოლეგებს მიუძღვით, რომლებმაც შეთანხმებაზე უარი განაცხადეს“, – აღნიშნავს თალაკვაძე.

მისივე თქმით, ნიკა მელიას საქმე საერთო შეთანხმების მისაღწევად დამაბრკოლებელი არ უნდა გახდეს, რადგან ქვეყნისთვის ეს შეთანხმება და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე სისხლის სამართლის საქმე.

„რადიკალური ქმედებები ვნახეთ ცესკო-ს წინააღმდეგ. ასევე, ვნახეთ ნიკა მელიას დემონსტრაციული გამოწვევა, როცა მან მოქალაქეებს უთხრა, რომ კანონზე მაღლა დგას. თავისთავად, ეს მიდგომა კანონის უზენაესობასთან და დემოკრატიასთან წინააღმდეგობაში მოდის. ამიტომ, ვფიქრობ, აქ საჭიროა ძალიან მარტივი კომპრომისები. ჩვენი მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა როგორც ჩანს, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელია პატიმრობაში სჭირდებათ და ამაზე გარკვეულ გეგმებს აგებენ“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

კითხვაზე, რატომ სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას პატიმრობაში ყოფნა, თალაკვაძე პასუხობს, რომ ეს არის დესტაბილიზაციის გეგმის ნაწილი, რითაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ სწორედ ისინი წარმართავენ პოლიტიკურ პროცესს.