LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნიკა გვარამიამ მომაწერინა ხელი და შემდეგ განავრცო ტექსტი ჩემთვის უცნობი გარემოებებით” – სააკაშვილის ექიმი გვარამიას დისკრედიტაციაში ადანაშაულებს – რას პასუხობს ადვოკატი

161
Untitled design - 2021-12-28T163402.907

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ნინო გოგორიშვილმა ნიკა გვარამიას შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.

ნინო გოგორიშვილის მიერ დაწერილი განცხადება მედიას გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა მალხაზ ურთქმელიძემ გააცნო და აღნიშნა, რომ მკურნალი ექიმის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამ მომენტისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი.

„დღეს, 28 დეკემბერს, პაციენტ სააკაშვილთან მყოფი ვიზიტორი ნიკა გვარამია გამესაუბრა და თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითაც მან შემიყვანა შეცდომაში. რიგი კითხვების დასმის შემდეგ, ჩემ მიერ გაცემული იყო მოკლე პასუხები, ხელმოწერის შემდეგ მან ტექსტი განავრცო ჩემთვის უცნობი გარემოებებით, რაც შევიტყვე პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებით. აღნიშნული ფაქტი იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი, რამაც მომაყენა ფსიქოლოგიური ტრავმა. მიმაჩნია, რომ ყოველივე ზემო აღნიშნული, სრულ თანხვედრაშია გვარამიას გუშინდელ განცხადებასთან, სადაც მან მიწოდა მკვლელი. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს სამხედრო ჰოსპიტლის და ჩემი, როგორც ექიმის, დისკრედიტაციას“, – აღნიშნულია ნინო გოგორიშვილის განცხადებაში.

ამასთან, ნინო გოგორიშვილმა მედიასთან მცირე კომენტარიც გააკეთა და თქვა, რომ ნიკა გვარამიას მიერ ნაწილობრივ ფაქტების ინტერპრეტაცია მოხდა.

„ნაწილობრივ ეს სიმართლეა, ნაწილობრივ არის ფაქტების ინტერპრეტაცია. არ მითქვამს, რომ სააკაშვილი უნდა იყოს გაყვანილი სამკურნალოდ საქართველოდან უცხოეთში. მე ვუთხარი, რომ ფსიქოთერაპიული რეაბილიტაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ ადამიანი არის თავისუფალი. ეს სად იქნება, უკვე ჩვენ არ გვეხება“, – განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.

მანამდე კი,  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ უშუალოდ სააკაშვილის მკურნალი ექიმის მიერ არის დადასტურებული წამების და არაადეკვატური მკურნალობის ფაქტი.

„მკურნალი ექიმის პოზიციაა, რომ შემთხვევა ჰქონდა წამების შემდგომ სტრესულ მდგომარეობას, რომ მისი რეაბილიტაცია საქართველოში შესაძლებელია მხოლოდ თავისუფლების პირობებში. თუ თავისუფლების პირობებში ეს არ მოხდება, მაშინ რეკომენდირებულია მისი საზღვარგარეთ გაყვანა. ასევე, ის აღიარებს, რომ გადაყვანასთან დაკავშირებით დასკვნა არ იყო შეთანხმებული, წინასწარ იცოდა კონსილიუმმა, რომ გადაყვანის საკითხი დადგებოდაო, მაგრამ უშუალოდ ეს შემთხვევა, რომ ფორმა ასი დაიწერა და უკვე გადაგვყავს დღეს, სახელმწიფო კონსილიუმისთვის ცნობილი არ იყოო. ფსიქონევროლოგიური სტატუსის გარეშე, მხოლოდ ანალიზებით დაიწერა ფორმა ასი. აქვე, ექიმი გვეუბნება, რომ საერთოდ შეუძლებელია რეაბილიტაცია აქაც კიო“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

სააკაშვილის მკურნალ ექიმის პრესასთან გაკეთებულ განცხადებას მოგვიანებით ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში უპასუხა.

„გორის ჰოსპიტალის მთავარი ექიმის განმარტებით, სააკაშვილის პირად ექიმს მოტყუებით და მისი ნების წინააღმდეგ მოვაწერინე ხელი გავრცელებულ დოკუმენტზე. ქალბატონი გოგორიშვილი შოკში იყოო. და ეს შოკირებული, ფსიქოლოგიურად არასტაბილური და ცნობიერების მიღმა მყოფი ადამიანი მკურნალობს სააკაშვილს?

ამოიღეთ კამერების ჩანაწერები და დაგვანახეთ, რა განვავრცე, რა მდგომარეობაში იყო ხელმოწერისას ექიმი, რა ჩავამატე, ზეწოლა როგორ მოვახდინე შუა ჰოსპიტალში, სუსით და ბადრაგით გარშემორტყმულ სივრცეში.

ვიმეორებ, ყველა პუქტზე მისი ხელმოწერაა. ჯამურად დოკუმენტზეც მისი ხელმოწერაა, ტექსტით: “შედგენილია ჩემი კარნახით. ყველა ჩასწორება და კორექტირება გაკეთებულია ჩემი მითითებით.”

ამ ყველაფრის საფუძველზე, კანონსაწინააღმდეგოდ და არაუფლებამოსილი პირის (მთავარი ექიმი ურთმელიძე), მნახველების შეზღუდვა ყველაფერს ცხადყოფს და ასევე წამების სპირალის კიდევ ერთი ხვეულია.

ნინო გოგორიშვილი შოკში თუ სადმე იყო, იყო მთავარი ექიმის ბრიფინგის დროს, ძალით გამოყვანილი და ძალით ტყუილების მოლაპარაკე. ისევე, როგორც ფორმა ასზე და სააკაშვილის გაწერაზე ძალით ხელისმოწერისას. შოკი თუ რამე იყო, მთავარი ექიმის განცხადება, რომ ბრიფინგზე მის გვერდით მდგომი გოგორიშვილი არ ილაპარაკებს, მის მაგივრად თვითონ უნდა ილაპარაკოს.

და ახლა ამ ტრივიალურ მატყუარებს და დანაშაულებრივ ყალბისმქმნელებს (ურთმელიძე, გოგორიშვილი) უნდა ვენდოთ სააკაშვილი მკურნალობისა და ჯანმრთელობის სტატუსის განსაზღვრაში?

პს: საათის ეპიზოდზე, რომელიც ძალადობას მოიცავს, როგორც თვითმხილველი, ხელს აწერს რეანიმატოლოგი ნიკო გორგიშელი. ისიც შოკში იყო და მასაც ზეწოლით მოვაწერინე ხელი?“.- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები