ჰააგაში ავტობუსების გაჩერებები გაამწვანეს. ნიდერლანდების ქალაქის ცენტრში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ორი უჩვეულო გაჩერება გაჩნდა. ერთ–ერთის თავზე მზის პანელებია დამონტაჟებული, მეორეზე კი მცენარეები დარგეს. ინიციატივის მიზანი ქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება და ასევე ადგილობრივების სტიმულირებაცაა, რათა მათ სახლების სახურავები გაამწვანონ.
ელექტროენერგია, რომელსაც გაჩერება გამოიმუშავებს მის გასანათებლად გამოიყენება, მცენარეებს კი წვიმის წყლის გაფილტვრა შეუძლიათ. თუკი სიახლე ჰააგელებისგან დადებით შეფასებებს მიიღებს, მაშინ მწვანე გაჩერებებს სხვა რაიონებშიც მოაწყობენ.
ზოგადად ნიდერლანდებში „მწვანე“ სახურავები იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს. ქვეყანაში აშენებული ყველა ახალი შენობის სახურავი მზის პანელებით ან მცენარებიით უნდა იყოს სავსე. გარდა ამისა, სიმწვანით ბევრი ძველი შენობაც დაფარეს. მაგალითად, როტერდამში მცენარეები ყველაზე გრძელი კორპუსის სახურავზე გააშენეს.
სახლების სახურავებზე გაშენებული ბაღები ზაფხულის სიცხესთან გასამკლავებლად ძალიან ეფექტური საშუალებაა, მათი დამსახურებით ჰაერის ხარისხიც უმჯობესდება და წვიმის წყალიც თავის გზას პოულობს.