LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიჭიერი მძღოლების საკონკურსო მანევრები

58

საცობები ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ პრობლემად გადაიქცა. პიკის საათის დროს 30-40 წუთით სამსახურში ან სახლში დაგვიანება უკვე აღარავის უკვირს. თუმცა, საქმე გაცილებით უფრო გართულდა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ გადაადგილება უკვე დღის ნებისმიერ მონაკვეთშიც ჭირს. რა ქმნის ასეთ პრობლემას, სარემონტო სამუშაოები? გადათხრილი ქალაქი? მოჭარბებული ავტომობილები? თუ უბრალოდ არასწორი მანევრები?

„ქართველ მძღოლებს მართვის კულტურა არ გააჩნიათ-ო“ ხშირად გაიგებთ ასეთ ფრაზას, აი სწორედ ამაზე მინდა დღევანდელ ავტობლოგში თქვენი ყურადღება გავამახვილო, შესაბამისად გთავაზობთ სხვადასხვა „ოქროს“ მანევრებს, რომლებსაც ყოველდღიურად ვხვდებით ქალაქში. ვნახოთ რას ყვებიან თვითმხილველები:

 

საცობიდან საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გადასვლა

საკონკურსო მანევრების ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას სწორედ მსგავსი მანევრი იკავებს, რაც მოსახლეობისთვის უცხო ნამდვილად არ გახლავთ. ყოველდღიურად ვხვდებით მსგავს შემთხვევებს. რას ნიშნავს ეს? აი რას ყვება ერთ-ერთი მოქალაქე:

 

ნიკა

„ოქროს უბნიდან გადასასვლელი ხიდისკენ მივდიოდი. იქნებოდა ასე რვის ოცი, ოცდახუთი წუთი. როგორც კი ქარვასლასთან არსებულ შუქნიშანს მივუახლოვდი შევნიშნე, რომ გადასასვლელ ხიდამდე მოძრაობა ნელ-ნელა ნელდებოდა და იქმნებოდა საცობი. თუმცა ყველაზე საინტერესო მოვლენები, სწორედ საცობის შექმნის პერიოდში განვითარდა…

ქართველი მძღოლების უმეტესობას საცობში ერთ რიგად სიარული საშინლად აღიზიანებს და პრინციპში არც გამკვირვებია საპირისპირო მოძრაობის ზოლში მანევრები. პირველი, რომელმაც ასეთი მანევრით დაიძვრინა თავი საცობისგან შავი, ჩაბურულშუშებიანი Toyota Prado გახლდათ. შემდგომ მას უამრავი მანქანა მიჰყვა უკან და ზუსტად 10 წუთში მოძრაობა საერთოდ შეჩერდა. ალბათ იკითხავთ საცობის შეჩერებასთან რა შუაშია ის ავტომობილები, რომლებიც საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გადავიდნენო? გიპასუხებთ…

მოძრაობა ჩაიკეტა და რატომ: ავტომობილების ის ნაკადი, რომელიც ოქროს უბნიდან, საპირისპირო მოძრაობის ზოლში თამამად მიარღვევდნენ ნაკადს, ვერ ბრუნდებოდნენ საწყის ზოლში, ხოლო ავტომობილების მატებამ  საპირისპირო ზოლზე გამოიწვია ის, რომ გადასასვლელი ხიდიდან ვორონცოვისკენ მომავალი გზა გადაიკეტა გადასასვლელი ხიდისკენ მიმავალი ავტომობილებით. ანუ ექვსივე ზოლი ვორონცოვიდან ამოსულ ავტომობილებს ეკავათ. ზუსტად 40 წუთის განმავლობაში გაუნძრევლად ვიდექი ქარვასლასთან და ველოდებოდი, როდის განიტვირთებოდა მოძრაობა. თუმცა, სამწუხაროდ ამ გაუგებრობაში მოხვედრილმა მძღოლების უმეტესობამ, დარწმუნებული ვარ ვერც კი გაიგო საცობი რატომ შეიქმნა. აგიხსნით:

 

 

 

როდესაც საცობისგან თავის დაღწევას ცდილობ, არავითარ შემთხვევაში საპირისპირო მოძრაობის ზოლში არ უნდა გადახვიდე. გარდა იმისა, რომ ეს შენივე სიცოცხლისთვისაა სარისკო, მსგავსი საქციელით შეურაცჰყოფას აყენებ სხვა მძღოლებსაც. პლუს ამას უკვე თავად ქმნი საცობს! გაითვალისწინე ის, რომ ასეთ სიტუაციაში არავინ არ არის ვალდებული ზოლში საკუთარი ადგილი დაგითმოს, მაგრამ როდესაც შენ ისევ ზოლში „ძვრები“ უარეს საცობს ქმნი, რადგან ამაში იკარგება ის მნიშვნელოვანი წამები, რაც საცობს ოდნავ მაინც დაძრავს. როდესაც ზოლში ბრუნდები შენს უკან მდგომი ავტომობილი უძრავად დგას, როდესაც სინამდვილეში მისი გზაა და მან უნდა გაიაროს! თქვენს უკან კი ემატება ავტომობილები.  ნუ იქნები უკულტურო მძღოლი, დაიცავი მოძრაობის წესები და ეცი პატივი სხვებსაც. ნუ შექმნი საცობს შენივე დარღვევის გამო! „

 

უკიდურეს მარცხენა ზოლში გადაადგილება როდესაც მარჯვენა ზოლი ცარიელია

 

ქართველი მძღოლების კიდევ ერთი ოქროს წესი მარცხენა ზოლის დაკავებაა, მიუხედავად იმისა რა სიჩქარით მოძრაობს ავტომობილი, ან თავისუფალია თუ არა მარჯვენა ზოლი. მსგავს პრობლემებზეც საკმაოდ ხშირად საუბრობენ კულუარებში, თუმცა, ხმამაღლა ამის თქმას რატომღაც ყველა ერიდება.

 

გიორგი

„ქართველების მოძრაობის უკულტურობას საზღვარი არ აქვს. ყველაზე მეტად მაღიზიანებს რო ჩადგებიან „ვირებივით“ მარცხენა ზოლში და სულ რო სალონში შეხვიდე მანქანით, შანსი არაა, არ გაგატარებს. გინდა ფარები აუციმციმე, გინდა უსიგნალე საერთოდ არ ანაღვლებს. თან სწრაფად მაინც დადიოდნენ, დაღოღავენ ოცით.

სწორედ ასეთი წვრილმანი დეტალები ქმნიან იმ ქაოსს რაც ჩვენს ქვეყანაში მძვინვარებს დღესდღეობით. მართვის მოწმობის საკითხებში გარკვევით წერია, რომ თუ უკიდურესი მარჯვენა ზოლი თავისუფალია, ავტომობილმა აუცილებლად იქ უნდა იმოძრაოს, მარცხენა ზოლით კი გასწრების შემთხვევაში უნდა გააკეთოს მანევრირებები. თუმცა, ამას მხოლოდ მართვის მოწმობის ასაღებად კითხულობენ, იზუთხავენ და შემდეგ პრაქტიკაში საერთოდ არ იყენებენ. სწორედ ამიტომ, მართვის მოწმობების აღება უნდა გართულდეს.  ხოლო უკვე აღებული მართვის მოწმობები, აუცილებლად უნდა გადაიხედოს, ან უნდა შემოიღონ კანონი, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე წელიწადში ერთხელ, გამოცდები ხელახლა უნდა გაიარონ მძღოლებმა. თორემ თავი ნიჭიერის კონკურსზე მგონია, ისეთ მანევრებს აკეთებს ეს ხალხი.

უყურადღებობაზე, ტელეფონით მესიჯობაზე და საუბარზე ხო ყურადღების გამახვილება არც კი ღირს. მარაზმია ეს ყველაფერი და ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ტრადიციებიდან მოდის, ჩვენს სულშია ჩამჯდარი და კოდირებული. ამის შეცვლას კი ძალიან დიდი ძალისხმევა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ჭირდება, სხვა ჩვენს საგზაო ქაოსს, არაფერი ეშველება. პირველ რიგში თვითშეგნების ამაღლებაზე უნდა იზრუნოს თითოეულმა ჩვენგანმა: უნდა მოეწყოს აქციები, მსვლელობები, გადაიკეტოს გზები, გაიმართოს საჩვენებელი მანევრირებები და აშ.  სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის“

 

„სადაც მინდა იქ გავაჩერებ“ ტენდენცია

მოძრაობის შეფერხებას კიდევ ერთი საკონკურსო მანევრირება ე.წ პარკირება უწყობს ხელს. ძალიან ხშირად ვხვდებით ქალაქში შუა გზაზე გაჩერებულ სამარშრუტო ტაქს, ავტობუსს თუ უბრალო ავტომობილს. რაც გადაადგილების შეფერხებაში უდიდეს როლს ასრულებს…

 

თორნიკე

„ყოველდღიურად ვხედავ მძღოლებისა თუ ფეხით მოსიარულე ადამიანების დაუდევრობას და სულ უფრო დიდი პროტესტი მიჩნდება ასეთი საქციელის მიმართ. ჯერ იმ ფეხით მოსიარულეს რა ვუთხარი, ვინც ტრანსპორტს სავალი გზის მეორე ზოლში აჩერებს, მერე კიდე ნეტა იმ მძღოლის ტვინში ჩამახედა რას ფიქრობს, ასეთ ადგილზე რომ აჩერებს ავტომობილს.

ეს უკვე მარაზმშია გადასული, არანაირი კულტურა არ არსებობს, არც საგზაო და არც სამოქალაქო. ქალაქში ნორმალურად ვერ გაგივლია ვერც ფეხით, იმიტომ რომ, ავტომობილები პირდაპირ ტროტუარებზეა შეყენებული და ავტომობილით გადაადგილება კი რამხელა  გმირობის ტოლფასია, ამაზე ალბათ საუბარიც არ ღირს.

არ ვიცი ამას რა ვუწოდო, ან რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ასეთი მინიმალური პრობლემები მაინც მოგვარდეს. თუმცა ფაქტია, რომ მკაცრი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მთავრობის, მერიის თუ საპატრულო პოლიციის მხრიდან, მთავარია ქმედითი ნაბიჯები იყოს, რომელიც შედეგს გამოიღებს.

ვთვლი, რომ პირველ რიგში თვითშეგნება უნდა ამაღლდეს. აუცილებელია ადამიანმა იცოდეს როგორ უნდა გააჩეროს ტაქსი ან ავტობუსი, ხოლო მძღოლმა უნდა შეძლოს იმის გათვლა სად უნდა გადმოსხას მგზავრები ისე, რომ დაბრკოლება არავის შეუქმნას.

რაც შეეხება პარკინგის პრობლემას, აქ ყველაფერი გასაგებია. გავიგეთ, რომ ჩვენი ქვეყანა ისე არაა განვითარებული როგორც ევროპის ქვეყნები, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს წესით იმას, რომ როგორც მოგესურვება ისე გააჩერო ავტომობილი. მოძრაობის უკიდურეს მარჯვენა ზოლში რომ აჩერებ ავტომობილს ერთი საათით, ხომ უნდა გაითვალისწინო შენს უკან მდგომი ან მოძრავი ავტომობილები, როდემდე შეიძლება ასეთი სიტუაცია იყოს ქვეყანაში, როდემდე შეიძლება მგზავრები მარცხენა ზოლში გადმოდიოდნენ ავტომობილიდან… სწორედ ასეთი საქციელის გამოა შექმნილი ის ვითარება, რომელიც ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური მოვლენა გახდა. გამოფხიზლდით ხალხნო, ასე ცხოვრების გაგრძელება არ შეიძლება,  უამრავი სამუშაო გვაქვს საკუთარ თავზე…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები