„ოქროს ტალღა 2015“ დასრულდა და 23 ივნისს, „ოტიუმში“, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. გთავაზობთ კომენტარებს, რომლებიც გამარჯვებულ მუსიკოსებთან ჩავწერეთ.
ჯგუფი „სტუმრები“, „წლის დებიუტი“:
ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, მივესალმებით. მესამე წელიწადია, იმართება. თვალყურს ვადევნებდი წინა წლებშიც. უფრო დაიხვეწა და განვითარდა. გვიხარია, რომ ჩვენმა ჯგუფმა გაიმარჯვა ოთარ მაღრაძესთან ერთად, რომელიც მუსიკალური პროდიუსერი გახლავთ. ამ ჯგუფში დიდი შრომაა ჩადებული, ვიბრძვით ქართული მუსიკის აღორძინებისთვის. „ოქროს ტალღა“ კარგი ტრამპლინია ახალი მუსიკალური ჯგუფების, შემსრულებლების აღმოსაჩენად.
ოთო ნემსაძე, „წლის მამაკაცი შემსრულებელი“:
საუკეთესო მამაკაცი რა ნომინაციაშიც უნდა გახდე, ალბათ, ძალიან მაგარია, განსაკუთრებით ჩემ შემთხვევაში, როცა მუსიკაზეა საუბარი (იღიმის). ძალიან მაგარია და დიდი მადლობა ამხელა დაფასებისთვის. ბევრი ვიწვალე, რომ აქამდე მოვსულიყავი. ტემპს არც ამის შემდეგ დავაგდებ.
„ოქროს ტალღა“ აბედნიერებს!.. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ კონკურსს…
ნინი ბადურაშვილი, „წლის ქალი შემსრულებელი“:
ძალიან მაგარი ემოცია ყოფილა. დიდი ხანია, არ ამიღია პრიზი. პრინციპში, ჩვენთან მასშტაბური კონკურსები არც ტარდება. მართალი გითხრა, არ ველოდი. „ელენეს“ ჩემი ახალი ნამუშევარია და ძალიან მიყვარს. მადლობა დედაჩემს, რადგან ამ სიმღერაზე ერთად ვიმუშავეთ.
ეს არის უდიდესი სტიმული ყველა მომღერლისთვის. თუ არ გაქვს სტიმული, არც არაფრის გაკეთება გინდება. თუკი მასშტაბურ სახეს მიიღებს და ფილარმონიაშინ გადაინაცვლებს, უფრო უკეთესი იქნება. მადლობა „ფორტუნას“, რომ ასეთ კონკურსს ატარებს!..
„შვიდკაცა“, გიორგი ლომთათიძე, „წლის დუეტი“:
ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი იყო დუეტის გამარჯვება. დათო გომართელი ჩვენი უახლოესი მეგობარია, არაერთი დუეტი გვაქვს შესრულებული და სტიმულია, რომ ახალ-ახალი ნამუშევრები შევქმნათ.
„შვიდკაცა“, დათო ნოზაძე:
რა თქმა უნდა, კარგია, რომ ქართული სიმღერისა და მუსიკოსების წახალისება ხდება. ყველა ჟანრის წარმომადგენელს აქვს საშუალება, წარმოაჩინოს თავი და მოიპოვოს გამარჯვება. ნამდვილად არ ველოდი, რომ გავიმარჯვებდით, ჩვენ გვეგონა, რომ სტუმრის სტატუსით ვიყავით მხოლოდ (იღიმის).
ნიაზ დიასამიძე, „წლის ჯგუფი“, „წლის სიმღერა“:
ნამდვილად საჭიროა ასეთი კონკურსები. დიდი მადლობა მოლოცვისთვის და მადლობა მსმენელს, მის გარეშე ეს ყველაფერი არ იქნებოდა. გამარჯვება ისეთი სიტყვაა, რომელიც მუსიკას არ უკავშირდება, მუსიკას გასამარჯვებლად არ აკეთებ, მაგრამ მაინც საიამოვნოა. საქართველოს ვუსურვებ გამარჯვებას…
„ნამი ველს“ ძალიან პოპულარულია…
არ დავმალავ, რომ მიყვარს ეს სიმღერა. სიმღერამდე მუსიკალური კომპოზიცია იყო. მადლობა ლევან ზაქარეიშვილს, რომელმაც პირველად ფილმში გამოიყენა. სამწუხაროდ, ის აღარ არის ჩვენთან ერთად. მერე მომინდა, წლების მერე, რომ ეს სიმღერა შემსრულებინა.
რა გეგმები აქვს „33 ა“-ს?
ალბომის გამოცემას ვგეგმავთ, ვმუშაობთ და იმედია, მალე იქნება. უნდა იჩქარო ნელა, თუ არ დაღვინდა, ალბომი ისე არ გამოდის. დიდხანსაც რომ დაელოდო, მერე იწელება… საშუალო პერიოდში ვართ, ასე ვთქვათ. აღარ ვამბობ, როდის იქნება. ვთქვი, მაისში იქნება-მეთქი და არ გამოვიდა ეს ამბავი, ამიტომ გეტყვით, რომ მალე იქნება (იღიმის).
ზურა ბაკურაძე, „ქართული ხმები“, „წლის ანსამბლი“:
აქ უამრავი ჩვენი საყვარელი მეგობარია და ყველას წარმატებას ვუსურვებთ. გაგვიხარდა გამარჯვება. „ოქროს ტალღა“ ძალიან მაგარია და მიხარია, რომ მესამე წელს ვიღებთ მონაწილეობას. წლიდან წლამდე ველოდებით და ჩვენც სტიმული გვეძლევა, რომ რაღაც ახალი გავაკეთოთ.
გიო ხუციშვილი, „წლის ქალაქური სიმღერის შემსრულებელი“:
„ოქროს ტალღას“ ველოდები ხოლმე, 19 წელია, რადიოჰოლდინგ „ფორტუნასთან“ ვთანამშრომლობ. ჩემთვის ეს ჯილდო სტიმულია ახალ-ახალი სიმღერების შესაქმელად, მათ შორის ქალაქურ ჟანრშიც. ახალგაზრდებს უნდა ვუთხრათ, რომ ქართული სიმღერა ყველაზე მაგარია. ახალგაზრდებიც მოდიან ამ ჟანრში და მათთვისაც დიდი სტიმულია. დიდი მადლობა ამ დღისთვის ყველას. ქალაქური სიმღერის საუკეთესო შემსრულებელი ვარ და ძალიან მიხარია. ყველას წარმატებას ვუსურვებ.
რატი დურგლიშვილი, „წლის პოპსიმღერა“, „მიუზიკბოქსის რჩეული“:
ნახე, როგორ მიცახცახებს ხელი? მართლა არ მოველოდი… ორი ჯილდო მივიღე. რა ვთქვა? შოკში ვარ!..
ლელა წურწუმია, „ფორტუნას“ რჩეული:
მადლიერების გრძნობა მაქვს. ჩვენ ხომ ძალიან დიდ შრომას ვდებთ. როცა ამას ხედავენ და აფასებენ, ეს მნიშვნელოვანია, მოტივაციაა, რომ უფრო ნაყოფიერად გავაგრძელოთ ჩვენი შემოქმედება. პირადად მე შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება და თავი გადავდე ამ პროფესიისთვის. მადლობა მსმენელებს, რომლებიც წლებია მომყვებიან და რადიო „ფორტუნას“, რომლის ჯილდოც მივიღე.
ყველა წამყვან ქვეყანაში ყოველთვის ფასდება ეს სფერო. დამატებითი სტიმულია შემოქმედი ადამიანისთვის.
გიორგი პავლიაშვილი, მასტერი, „ფორტუნა პლუსის“ რჩეული:
ჩემთვის „ფორტუნაპლუსი“ პირველი რადიოა, სადაც სიმღერა მივიტანე და მას შემდეგ, მგონი, არც ერთ სხვა რადიოში არ წამიღია. განსაკუთრებული მადლოაბ რეზო კაკულიას, რომელიც ყოველთვის გვერდით უდგას რეპს. ძალიან მიხარია, რომ ერთი ნომინაცია წავართვით ქართულ ესტრადას, იმედია, არ იქნება უკანასკნელი (იღიმის). ჯერ მართლა ვერ გავიაზრე, რომ რადიოს რჩეული ვარ. ძალიან მიხარია!.. გავაგრძელებ იმ სიგიჟეს, რასაც ყოველთვის ვაკეთებდი. მალე ჩემს ახალ ვიდეოს იხილავთ, სადაც ძალიან მაგარი ქერა გოგო მონაწილეობს, ჯერ არ გეტყვით, ვინ.
დათო ხუჯაძე, „ავტორადიოს“ რჩეული:
მიხარია, რომ „ჩემო გოგო“ სერიოზულად აღიქვეს, რადგან ჩვენ გასართობად ჩავწერე. გავხდით „ავტორადიოს“ რჩეული, დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის დაჯილდოება უნდა არსებობდეს. რადიოჰოლდინგზეა მხოლოდ დამოკიდებული შოუბიზნესის განვითარება. მუსიკოსებისთვის მნიშვნელოვანია ამგვარი ფესტივალები თუ კონკურსები…
მერაბ სეფაშვილი, ჯილდო მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის:
1976 წლიდან სცენაზე ვდგავარ. მიხარია, რომ ეს დაფასდა. ძალიან ბევრია (იღიმის). ვფიქრობ, ხალხის სიყვარულის შესანარჩუნებლად მომღერალი სერიოზულად უნდა მიუდგეს ამ საქმეს და აკეთოს ის, რაც ძალიან უყვარს.
ბუბა კიკაბიძე, ჯილდო ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის საზღვარგარეთ:
როცა სახლში ამ სიყვარულს გრძნობ და დაფასებას, მნიშვნელოვანია. ვინც ეს მოფიქრა, დიდი საქმეა. მინდა, ამას მთავრობაც მიეჩვიოს. ქართველებს ორი პლუსი გვაქვს – საჭმლის გაკეთება და სიმღერა ვიცით. მომღერალი ერი ვართ. დღეს ვნახე უამრავი გახარებული ადამიანი და დიდი მადლობა ამისთვის რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“.
თამრიკო გვერდწითელი, ჯილდო ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის საზღვარგარეთ:
ძალიან მოულოდნელი, სასიამოვნო და სიხარულის მომგვრელი აღმოჩნდა ჩემთვის ეს ჯილდო. ინფორმაცია მაქვს ყოველთვის, რა ხდება ქართულ ესტრადაზე. მიხარია, როცა ასეთი ტიპის დაჯილდოებები ტარდება, ზეიმობს ნამდვილი მუსიკა და ხმები.
ნინო მურღულია