LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნეტფლიქსსა” და ნონა გაფრინდაშვილს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა – გასაჯაროვდება თუ არა გარიგების დეტალები, რას ამბობს მოჭადრაკის ადვოკატი

308
ნონა და ნეტფლიქსი

“ნეტფლიქსი“ ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიერ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით შეთანხმებას დასთანხმდა.  გაფრინდაშვილმა და „ნეტფლიქსმა“ შეთანხმებას მიაღწიეს.

ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა დაუდასტურა.

“ფორტუნას” კითხვაზე, რას მოიცავს შეთანხმების პირობები, მაია მწარიაშვილი პასუხობს, რომ სრულად, შეთანხმების დეტალების გასაჯაროებას არ აპირებენ.

მისივე ინფორმაციით, განცხადებას ნონა გაფრინდაშვილის მხარე დღის ბოლომდე გააკეთებს.

სარჩელის მიხედვით, სერიალის “დედოფლის გამბიტი” ეპიზოდი ცილისწამების ფაქტს შეიცავს. კერძოდ, ნონა გაფრინდაშვილის მტკიცებით, მისი მიღწევები შეურაცხყოფილი იყო, როცა Netflix-ის სერიალში ჭადრაკის დიქტორმა არასწორად განაცხადა, რომ “მას არასოდეს უთამაშია მამაკაცთან”. სინამდვილეში 1968 წლისთვის ანუ იმ დროისთვის, რომელსაც სერიალი ასახავს, ნონა გაფრინდაშვილს ჭადრაკის პარტიები 59 მამაკაც კონკურენტთან ჰქონდა შესრულებული.

თავდაპირველად, Netflix-მა სარჩელის უარყოფა სცადა და ამტკიცებდა, რომ შოუს შემქმნელებს პირველი შესწორების მიხედვით ფართო ლიცენზია ჰქონდათ, თუმცა 2022 წლის იანვარში ფედერალურმა მოსამართლემ ეს არგუმენტი უარყო და დაადგინა, რომ “ის არ არის იმუნიტეტი სარჩელისაგან, თუკი სერიალი რეალურ ფაქტებს არღვევს”.

მართალია, Netflix-მა გადაწყვეტილება მე-9 ოლქის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სამშაბათს, 6 სექტემბერს საქმე დაიხურა.

“ნეტფლიქსის“ პრესსპიკერმა გამოცემა Axios-ს განუცხადა, რომ კომპანია “მოხარულია, რომ საკითხი მოგვარებულია”.

ნონა გაფრინდაშვილი კომპენსაციის სახით კომპანიისგან ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარს, ასევე ფილმიდან კონკრეტული მონაკვეთის ამოჭრას მოითხოვდა.

შეთანხმების შესაძლებლობისა  და საქმეში სტრატეგიული უპირატესობის შესახებ ლეგენდარული მოჭადრაკის ქართველი ადვოკატი, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში, რადიო “ფორტუნას” ეთერში საუბრობდა. მაია მწარიაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ  სასამართლო სხდომაზე იმ პირების დაკითხვითაც კი, რომელიც  „ნეტფლიქსმა“ თავისი პოზიციის მხარდასაჭერად წარადგინა, ნონა გაფრინდაშვილის უპირატესობას გაესვა ხაზი.

“ვთვლით, რომ სერიალის პროდიუსერისა და სცენარისტის დაკითხვის დროს გამოვლენილი გარემოებები საჩვენოა.

ფრენკ სკოტს ძალიან გაუჭირდა ბევრ კითხვაზე დამაჯერებელი, დამარწმუნებელი, გამართული პასუხის გაცემა. წარმოჩნდა, რომ  „ნეტფლიქსმა“ იცოდა რეალური ფაქტები ნონა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით და განგებ დამახინჯდა ეს ინფორმაცია. – აცხადებდა  ქართველი მოჭადრაკის უფლებადამცველი, ადვოკატი მაია მწარიაშვილი „ფორტუნას“ ეთერში, სადაც აღნიშნა, რომ “მოლოდინი გვაქვს წარმატების, წინააღმდეგ შემთხვევაში არც ერთი გონიერი ადამიანი, მითუმეტეს ქალბატონი ნონა, არ წავიდოდა ოკეანის გადაღმა, კალიფორნიაში, უმსხვილესი კინოინდუსტრიის მაგნატის წინააღმდეგ.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები