ორსონ უელსის კლასიკური დეტექტივი, დოკუმენტური ისტორიები და დევიდ კრონენბერგის საშინელებათა ფილმი – გთავაზობთ ,,ნეტფლიქსის” მიერ საუკეთესოდ მიჩნეული ფილმების ნაკრებს.
,,ნეტფლიქსის” 15 საუკეთესო ფილმი:
„სამი ერთნაირი უცნობი“ (Three Identical Strangers (2018) – ტომ უორდლის დოკუმენტურ დრამაში სამ ტყუპს დაბადებისთანავე აშორებენ ერთმანეთს. სხვადასხვა ოჯახში აღმოჩენილი ძმები მხოლოდ წლების შემდეგ პოულობენ ერთმანეთს და ხვდებიან, რომ საოცრად განსხვავებულებს არაფერი აქვთ საერთო. თუმცა, სწორედ მაშინ ირკვევა მათი წარმოშობის საიდუმლო და დაშორების მიზეზი.
„მსუბუქი ყოფაქცევის ფრიადოსანი“ Easy A (2010) – უილ გლაკის ახალგაზრდული მელოდრამა ნათანიელ ჰოტორნის „ალისფერი ასოს“ ერთგვარი თანამედროვე ინტერპრეტაციაა, რომელშიც კლასიკური პროტოტიპის მსგავსად გლაკის მთავარი პერსონაჟიც პურიტანული საზოგადოების მსხვერპლი ხდება.
„მთები“Mountain (2017) – დიდებული, სასტიკი, უმოწყალო მთების თავბრუდამხვევი ხედები და უილიამ დეფოს ხმა, რომელიც ავსტრალიის კამერული ორკესტრის აკომპანემენტის ფონზე კითხულობს ნაწყვეტს რობერტ მაკფარლეინის წიგნიდან Mountains of the Mind – ჯენიფერ პიდომმა მართლაც არაჩვეულებრივი დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ბუნებაზე გადაღებული ყველა ფილმისგან.
„ფრუტვეილის სადგური“ (Fruitvale Station (2013) – რაიან კუგლერის სარეჟისორო დებიუტი მაყურებელს ახალგაზრდა შავკანიანის, ოსკარ გრანტის საქმეზე მოუთხრობს, რომელიც პოლიციამ 2009 წელს კალიფორნიის შტატში ფრუტვეილის სადგურზე მოკლა. ფილმი მწვავე სოციალურ პრობლემებს და სისტემატიზირებული რასიზმის თემას განიხილავს თანამედროვე სამყაროში.
„ვიდეოდრომი“ (Videodrome (1983) – წარმატებული ტრილერის „თაღლითების“ შემდეგ დევიდ კრონენბერგმა მორიგი საშინელებათა ფილმი დადგა და თითქოს იწინასწარმეტყველა მომავალი, რადგან იდუმალებით მოცული ტელეარხი, რომელიც მხოლოდ ძალადობას, მკვლელობას და სექსუალურ ორგიებს ასახავს, ძალიან ჰგავს თანამედროვე მაუწყებლობას.
„პორკო როსო“ (Porco Rosso (1992) – ჰაიო მიაძაკის ანიმე იტალიელი ვირტუოზი პილოტის მარკო პაგოტის ისტორიაა, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ადამიანების რწმენა დაკარგა, თუმცა რისხვა დაიმსახურა და ანტრომორფულ ღორად გადაიქცა. იაპონელმა რეჟისორმა მეტად სახალისოდ ასახა თანამედროვე საზოგადოება პოლიტიკური ქვეტექსტით.
„აპოლო 11“ (Apollo 11 (2019) – 1969 წლის მთავარ მოვლენად კაცობრიობის მთვარეზე გადასხმა იქცა – სწორედ ისტორიული კადრები გააერთიანა დოკუმენტურმა ფილმმა, რომელიც საიმედოდ ინახებოდა ნასას არქივში ათწლეულების მანძილზე.
„უოლესი და გრომიტი: ჯუჯა მაქციას წყევლა“ (Wallace & Gromit: The Curse of the Were-Rabbit (2005) – ნიკ პარკის პლასტელინის ანიმაციაში, რომელიც 2005 წელს „ოსკარის“ პრემიით დაჯილდოვდა, მკაცრადაა დაცული კლასიკური „ჰორორის“ და მონსტრებზე შექმნილი მცირებიუჯეტიანი ფილმების ტრადიციები.
„განკითხვის ღამე“ (The Purge (2013) – ჯეიმს დემონაკოს ფილმი ფანტასტიკურ ტოტალიტარულ სახელმწიფოზე მოუთხრობს მაყურებელს, რომლის მმართველებმა სპეციალური კანონი შემოიღეს და საკუთარ მოქალაქეებს წელიწადში ერთხელ თვითგანწმენდის მიზნით ნებისმიერი დანაშაულის, მათ შორის მკვლელობის ჩადენის უფლება მისცეს. მართალია მცირებიუჯეტიანი „ჰორორის“ სიუჟეტი პრიმიტიულად გამოიყურება, მაგრამ ფილმში შექმნილი ატმოსფეროა შთამბეჭდავი და ორიგინალური.
„უკანასკნელი ამოსუნთქვა“ (Last Breath (2019) – სარემონტო სამუშაოებისთვის, 100 მეტრის სიღრმეზე ჩასულ დაივერს სიცოცხლის უზრუნველმყოფი სისტემა ეთიშება და განათების, თერმორეგულაციის და ჟანგბადის მარაგის გარეშე რჩება. ფილმ-კატასტროფა, რომელშიც რიჩარდ დე კოსტამ ნამდვილი ნამდვილი წყალქვეშა კოშმარია აღწერა, 2019 წლის საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად დასახელდა.
„როცა ჰარი შეხვდა სალის“ (When Harry Met Sally (1989) – ნორა ეფრონის რომანტიკული კომედია, რომელიც თანამედროვე ამერიკული კინოს კლასიკად იქცა, პირველ რიგში სხარტი იუმორით, გონებამახვილური დიალოგებით და მსახიობების არაჩვეულებრივი თამაშით ხიბლავს მაყურებელს.
„კოფი“ Coffy (1973) – მართალია, ჯეკ ჰილის კრიმინალური დრამა მოკლებულია ორიგინალობას, მაგრამ დინამიკურობითა და დაძაბულობით ზუსტად პასუხობს ჟანრის კანონებს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ახალგაზრდა ქალის ისტორია, რომელიც ნარკოდილერებს ებრძვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა 1980-იან წლებში.
„უცხოელი“ (The Stranger (1946) – ორსონ უელსის დეტექტივი, რომელშიც გაეროს კომისარი გაქცეულ ნაცისტს უთვალთვალებს, მხატვრული და დოკუმენტური კინოს შერწყმის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. უელსმა არაჩვეულებრივად გააერთიანა საკუთარი ფილმის სიუჟეტი და 1945 წელს გამოქვეყნებული, ჰოლოკოსტის კოშმარის ამსახველი ქრონიკალური მასალა.
„გასკოინი“ (Gascoigne (2015) – დოკუმენტური ფილმი ინგლისის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველზე, არა თამაშების განხილვა და ექსპერტების სერიოზული ანალიზი, არამედ თავად ფეხბურთელის საარქივო მასალის და სახალისო ვიდეოების ნაკრებია, რომელიც ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს დააინტერესებს.
„ქოხი ტყეში“ (The Cabin in the Woods (2012) – დრიუ გოდარდის ფანტასტიკური კომედია ჰორორისა და ტრილერის ელემენტებით იმ საშინელებათა ფილმების ერთგვარი გადააზრებაა, რომლის მთავარი გმირები – საკუთარ საკუთარ თავში ზედმეტად დაჯერებული ახალგაზრდები, მხოლოდ საკუთარი უგუნურობით ეხვევიან უსიამოვნებებში.