“ნენსკრა ჰესის” ინვესტორი კომპანიის – “კორეის წყლის რესურსების კორპორაციის” აღმასრულებელი დირექტორის, ჰაკსუ ლის ვიზიტის ფარგლებში სს „ნენსკრა ჰიდროსა“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„ნენსკრა ჰიდროს” ინფორმაციით, მემორანდუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და სს „ნენსკრა ჰიდროს“ აღმასრულებელმა დირექტორმა სუნიანგ კიმმა მოაწერეს ხელი.
„მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ნენსკრა ჰესის პროექტის ფარგლებში მიმდინარე და სამომავალო თანამშრომლობის საკითხები. ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობისა და რეგიონის განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება. ეს პროექტის წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტი იქნება,“ – განაცხადა „კორეის წყლის რესურსების კორპორაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ჰაკსუ ლიმ.
კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water (“ქეი უოთერი“) სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიაა, რომელიც 1967 წელს დაარსდა. მას 24 ქვეყანაში მაღალი სირთულის 67 პროექტი აქვს განხორციელებული. ამჟამად K-water მრავალი დანიშნულების მქონე 16 კაშხალს მართავს.
სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water–ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება. www.nenskra.ge