LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ნენა” პროდუქციისთვის არასტანდარტულ ციტრუსსაც ჩაიბარებს

134

ხილის გადამამუშავებელი საწარმო, შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო ჩოხატაური წელს სხვადასხვა სახეობის ხილთან ერთად, 20 ტონამდე ციტრუსს გადაამუშავებს.

გადამუშავებული ხილისგან კომპოტებისა და ჯემების დამზადება მოხდება.

პროდუქცია “ნენა”-ს ბრენდის ქვეშ იქნება წარმოდგენილი და მისი რეალიზება, როგორც ადგილობრივ ასევე, საექსპორტო ბაზარზე (რუსეთი, ჩეხეთი, ჩინეთი) განხორციელდება.

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე დღეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გამგებელთან ირაკლი კუჭავასთან ერთად ხილის გადამამუშავებელ საწარმოს ეწვია და ხილის გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნო.

„ხილის გადამამუშავებელ საწარმოში მოსახლეობისგან არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება ხდება. წელს საწარმო სხვადასხვა სახეობის ხილთან ერთად, 20 – ტონამდე ციტრუსს გადაამუშავებს და მოხდება კომპოტებისა და ჯემების დამზადება. ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარებას“,- განაცხადა გია სალუქვაძემ.

კომპანიამ ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ახალი მიმართულებით ინვესტიცია 400 000 აშშ დოლარის სახელმწიფო თანადაფინანსებითა და 500 000 აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტით 2014 წელს განახორციელა და თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო ააშენა, რომელიც ექსპლუატაციაში 2015 წლის სექტემბერში შევიდა.

ხილის გადამამუშავებელ საწარმოში ქართული ნედლეულისგან 30-მდე სახეობის მურაბა, ჯემი, კომპოტი და საწებელი საერთაშორისო სტანდარტის ISO 22000-ის შესაბამისად მზადდება. უახლოეს მომავალში იგეგმება ახალი ტექნოლოგიური ხაზების დამატება. ასევე, გაიზრდება და გამრავალფეროვნდება პროდუქცია. საწარმოში 50 ადგილობრივია დასაქმებული.