LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნებისმიერმა მარცხმა, შესაძლოა დომინოს პრინციპით ჯარების გაქცევაც კი გამოიწვიოს“ – ბახმუტი, როგორც კიდევ ერთი გარდამტეხი გზა უკრაინელებისთვის 

570
ანდრო გოცირიძე ბახმუტზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიციალური ცნობებით, რუსული ჯარები შეტევითი ძალისხმევის კონცენტრირებას ბახმუტისა და ავდიივკის მიმართულებებზე ახდენდნენ. თავად პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კი აცხადებს, რომ ახლა დონეცკის რეგიონში ყველაზე ცხელი და მტკივნეული ადგილები ბახმუტი და სოლედარია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სავარაუდოდ, სწორედ ბახმუტის მიმართულებით გაჩაღებულ ბრძოლებს შეეწირა 5 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე.

დღეს უკვე უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის არმიას სურს დონეცკის ქალაქ ბახმუტის ხელში ჩაგდება არა სტრატეგიული, არამედ მისი სიმბოლური მნიშვნელობის გამო.

როგორც მანვე აღნიშნა, რუსეთის არმია ბახმუტის ხელში ჩაგდებას მრავალი თვის განმავლობაში ცდილობს.

რა მნიშვნელობა აქვს ბახმუტის ოლქის სრულად გათავისუფლებას უკრაინელებისთვის; ამასთან, რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები უკრაინის ყველაზე ცხელ წერტილში და რატომაა საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლების ერთიანი სოლიდარობა გადამწყვეტი ქართველი მებრძოლების დაღუპვის შემდეგ – ამ საკითხებზე შეფასება უსაფრთხოების ექსპერტსა და ანალიტიკოსს ანდრო გოცირიძეს ვთხოვეთ.

ანდრო გოცირიძის მოსაზრებით, ბახმუტი, სადაც ახლა ყველაზე დიდი ინტენსივობის ბრძოლები მიმდინარეობს, ორივე მხარისთვის მეტად მნიშვნელოვანია. მისი თქმით, აღნიშნულ ოლქში უკრაინელების წინსვლა ბევრ რამეს შეცვლის და ამასთან, ოკუპანტებს ფსიქოლოგიურ დარტყმას მიაყენებს, რამაც შესაძლოა დამანგრევლად იმოქმედოს და მეტიც, რუსების ფრონტის ხაზის ჩამოშლა გამოიწვიოს.

 

რატომ არის ბახმუტის გათავისუფლება მნიშვნელოვანი

 

უსაფრთხოების ექსპერტი მიიჩნევს, რომ ბახმუტი, სადაც ახლა ყველაზე დიდი ინტენსივობის ბრძოლები მიმდინარეობს, პირველ რიგში, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბახმუტის აღება, დაკავება, რუსულ ჯარს გზას უხსნის მაგალითად, დონეცკის ოლქის სხვა ქალაქებისკენ და ამით რუსეთი შეეცდება, დაასრულოს თავისი წარუმატებლობის სერია, რომელიც ხერსონისა და დნეპრის აქეთა სანაპიროს დატოვებას მოჰყვა.

„რუსულმა ჯარებმა ბახმუტთან ალყაში მოაქციეს უკრაინული რაზმი და ქართველი მოხალისეები, რის შედეგადაც ქართველი მეთაური დაიჭრა, ექვსი ქართველი მოხალისე კი დაიღუპა“: ომის კვლევის ინსტიტუტი

დონეცკის რეგიონში ყველაზე ცხელი და მტკივნეული ადგილები ბახმუტი და სოლედარია

 

რაც შეეხება, უკრაინას, როგორც გოცირიძემ გვითხრა, მათ [უკრაინელებმა] ბახმუტის ნაწილი ჯერ კიდევ წინა კონფლიქტის დროს გაათავისუფლეს და მათთვის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ის ბასტიონი, ანუ, ბახმუტის დაცვის ზღუდე ამ მიმართულებაზე, რუსების ძალიან ძლიერ ჯარებს ბოჭავს და უკრაინას ხელ-ფეხს უხსნის.

„ერთი მხრივ, ლოჯისტიკური კუთხით, რადგან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია და მეორე მხრივ, რუსებმა ბახმუტის მიმართულებაზე დიდი ძალები ჩართეს, რომელთა შებოჭვაც უკრაინელებს ხელ-ფეხს უხსნის განახორციელოს წარმატებული ოპერაციების სხვა მიმართულებით. მაგალითად, ეს იყო იგივე ხერსონის მიმართულება და სხვა, აი, ეს არის ბახმუტის დღევანდელი მნიშვნელობა.

აღარ ვსაუბრობ იმ ფსიქოლოგიურ მნიშვნელობაზე, რომელიც უკრაინისთვის ნებისმიერ წარმატებას აქვს, რადგან ეს დამარცხებები რუსეთზე დამანგრევლად მოქმედებს და არ არის გამორიცხული უკრაინამ ზამთარშივე გარკვეულ წარმატებებს მიაღწიოს“, – განუცხადა „ფორტუნას“ ანდრო გოცირიძე.

 

ბრძოლის ხასიათის მიმდინარეობა და ინტენსივობა

 

რაც შეეხება თავად ბრძოლის ხასიათს, უსაფრთხოების ექსპერტი მიიჩნევს, რომ აქ გადამწყვეტ როლს თამაშობს და ძალიან ფართოდ გამოიყენება საარტილერიო დაბომბვები. ანდრო გოცირიძის თქმით, არტილერია ძალიან დიდი მოცულობებით მუშაობს.

„რამდენიმე დღის წინ, სადაზვერვო უწყებები იუწყებოდნენ, რომ ადგილი ჰქონდა სანგრების ბრძოლას. გარკვეულმა ექსპერტებმა თუ სპეციალისტებმა ეს ბრძოლები პირველ მსოფლიო ომსაც კი შეადარეს, რადგან სწორედ მაშინ იყო ასეთი გახანგრძლივებული, დროში გაწელილი სანგრების ბრძოლა, თუმცა მაღალი ინტენსივობის საარტილერიო თავდასხმებითა და დამუშავებით“, – აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბრისას ანდრო გოცირიძემ.

მისი მოსაზრებით, ახლა უკვე ამინდი, ანუ, მეტეოროლოგიური პირობები ბრძოლის ინტენსივობას ხელს აღარ უწყობს, რადგან გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, იქ [დონეცკის ოლქი] გაუვალი ტალახია, რომელიც ჯარების მობილობას აფერხებს. როგორც გოცირიძემ გვითხრა, სიცივის დადგომასთან ერთად, ბუნებრივია, ჯარებისა და დაჭრილების რეაბილიტაცია რთულდება და უფრო სანგრების ომს აწარმოებს.

რუსული ჯარები შეტევითი ძალისხმევის კონცენტრირებას ბახმუტისა და ავდიივკის მიმართულებებზე ახდენდნენ

 

„მეტი ინტენსივობით ალბათ ბრძოლები განახლდება, როდესაც ეს ტალახიანი გრუნტი გაიყინება და ტექნიკა გადაადგილებას შეძლებს. უკრაინელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არ დათმონ და კიდევ უფრო მეტად გააღრმაონ საკუთარი წარმატება, რამაც შესაძლოა რუსული ფრონტი სულაც ჩამოშალოს კიდევაც.

საერთოდ, ახლა ფრონტზე ისეთი მდგომარეობაა, რომ რუსეთმა მობილიზებული საზარბაზნე ხორცით როგორღაც მოახერხა ფრონტის დაჭერა, მაგრამ ნებისმიერმა წარუმატებლობამ, მარცხმა, შესაძლოა ის ჩამოშალოს და დომინოს პრინციპით ჯარების გაქცევაც კი გამოიწვიოს.

ზუსტად ამიტომ, როგორც ჩანს, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება და ბახმუტის რეგიონში, „ვაგნერის“, პრიგოჟინის კერძო არმია შეჰყავს, რადგან მათი მოტივაცია შედარებით მაღალია, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი დაქირავებული მკვლელების ბრიგადა არიან და ამ კრიმინალურ მოქმედებაში ანაზღაურებას იღებენ, განსხვავებით იმ წვევამდელებისა, რომელთა მოტივაციაც ძალზე დაბალია.

საერთოდაც, დღეს კურიოზული ინციდენტი გამოქვეყნდა: ლიტვინენკოს შვილი ჯარში გაუწვევიათ, უწყება სახლში მისვლია. ლიტვინენკოს ოჯახის ლოიალობა პუტინის სახელმწიფოს მიმართ კი, ვიცით, რომ ძალიან სასაცილოა.“– განუცხადა „ფორტუნას“ ანდრო გოცირიძემ.

 

დაღუპული ქართველი მებრძოლები

 

ანალიტიკოსს ვკითხეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ერთდროულად 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვის შემდეგ, ქვეყანაში ერთიანი სოლიდარობის განცდა, რაზედაც მან გვიპასუხა, რომ ძალიან დასანანია, როდესაც საქართველოს მოსახლეობის პოლარიზაციის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ ასეთ ტრაგედიაზეც კი, რომელიც სულ ახლახან უკრაინაში დატრიალდა, ერთიან სოლიდარობას ვერ ქმნის.

3 დეკემბერს დაღუპული ქართველი მებრძოლები:  რომეო ფირჩახია, მერაბ ალადაშვილი, ბადრი მარკელია, ავთო რურუა და როლანდ კვარაცხელია

 

„ამ ტრაგედიამდე იყო ჯამბულათ ხოფერიას დაღუპვა, ახლა ეს ჩვენი 5 შესანიშნავი ახალგაზრდა დაემატა.. გარდა ამისა, მათი ცხედრები ჯერ საბრძოლო მოქმედებების რეგიონიდანაც კი არ არის გამოტანილი. როდესაც ასეთი მომენტია, ერთი, რომ პოლარიზაციის და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება და პირველ რიგში, ეს რაღაც ოპონენტებზე თავდასხმის იარაღად არის გამოყენებული..

ბახმუტში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის ცხედრის გადმოსვენება ისევ ვერ ხერხდება

უკრაინაში მებრძოლი, ნადიმ ხმალაძის თქმით, ყველა ქართული ქვედანაყოფი მზადყოფნაშია შევიდეს ეპიცენტრში და გამოასვენონ დაღუპული ქართველები, თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე მათ ამის უფლებას არ აძლევენ.

რა თქმა უნდა, ეს საქართველოს კარგ მდგომარეობაში არ აყენებს და ძალაუნებურად გვიბიძგებს აზრისკენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის პირობებში, რა იქნება ჩვენი საზოგადოების, ქვეყნის მდგრადობა მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ რუსული ომის ძირითადი სამიზნე, სწორედ ეს მოსახლეობის მდგრადობა იყო და სწორედ ამ მეხუთე კოლონებისა და დაქსაქსულობის ხარჯზე, რუსეთის ჯარი უკრაინის აღებას 10 დღეში აპირებდა.

ძალიან სავალალოა, როდესაც ხელისუფლება ასეთ დროს ვერ ახერხებს მოახდინოს მოსახლეობის დიდი ნაწილის კონსოლიდაცია და ასეთ თემებზე მაინც ვიყოთ სოლიდარული უკრაინის და პირველ რიგში, ერთმანეთის მიმართ.“ – უთხრა „ფორტუნას“ ანდრო გოცირიძემ.

“გლოვის დღე უნდა გამოცხადდეს…არც ახალი წლის პომპეზურობა გვჭირდება: ჩვენგან ახლოს ჩვენი მტერი ბავშვებს ხოცავს და ვისაც ვერ კლავს – აშიმშილებს: ანდრო გოცირიძე უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები