ადვოკატი მარიამ ჩხეიძე ვარკეთილში მომხდარ ფემიციდის მორიგ ფაქტს ეხმაურება და ძალადობის მსხვერპლ ქალებს დახმარებას სთავაზობს.
„ერთადერთი თხოვნა მაქვს ყველასთან. ძალიან გთხოვთ პოსტი მაქსიმალურად გააზიაროთ იმისთვის რომ რაც შეიძლება ბევრმა ქალმა ნახოს.
ჩემი მიმართვა ძალადობის მსხვერპლ ყველა ქალს!
დღეს მორიგი საზარელი მკვლელობა მოხდა.
27 წლის გოგონა ქმარმა ცემით (!!!) მოკლა. მიყენებული დაზიანებებით გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა. მთელ სხეულზე ჰქონდა დაზიანებები! უსასტიკესად იყო ნაცემი! დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო და მიუხედავად ბრძოლისა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
არაადამიან მკვლელებს არ მივმართავ. ეგენი არ არიან ადამიანები!
მივმართავ ძალადობის მსხვერპლ ყველა ქალს.
ქალებო, არ მოითმინოთ ძალადობა! არ აიტანოთ ძალადობა! ეს არ არის ნორმა! ვინც იმის შთაგონებას ცდილობს თქვენთვის რომ ოჯახში ძალადობა ნორმაა და “ქმარი ერთს წამოგარტყავს რა მოხდა” ეგ მტერია თქვენი! ისეთივე დამნაშავეა როგორი დამნაშავეც ის მოძალადეა რომელიც თქვენზე ძალადობს. ქალებო, თქვენ არ ხართ მარტო. თქვენს გვერდით ძალიან ძალიან ბევრი ქალია. ძალადობის მსხვერპლი გადარჩენილი ქალები! ნებისმიერ დროს მომმართეთ როგორც ადვოკატს რომელიც ბოლომდე თქვენს გვერდით იქნება და დაგიცავთ. როგორც ადამიანს რომელმაც იცის რა არის ძალადობა.
არ გაჩუმდეთ გთხოვთ. გთხოვთ არ მოითმინოთ. გამოსავალი ყოველთვის არსებობს! არ ჩათვალოთ რომ ეს ძალადობა თქვენი ბრალია. არ ჩათვალოთ რომ თქვენ ერთადერთი ხართ. ეს ძალადობა არ არის თქვენი ბრალი! თქვენ არ ხართ მარტო! თქვენს გვერდით ქალების არმიაა.. ძალადობას გადარჩენილი ბოლომდე მებრძოლი ქალების არმია. გთხოვთ არ აიტანოთ ძალადობა! ძალიან გთხოვთ. ნებისმიერ დროს მომმართეთ, მე თქვენს გვერდით ვარ. არ იფიქროთ იმაზე, რომ ადვოკატის ყოლის საშუალება არ გაქვთ. ადვოკატობამდე ადამიანი ვარ მე და აქ მთავარი ესაა და არა ანაზღაურება“, – წერს ადვოკატი მარიამ ჩხეიძე.