LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნდობა შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს” – რა შემთხვევაში აირჩევა ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით

78
CCBADBF1-D6D1-4881-B1BC-A9A0961120C0-w1080-h608

ვინ იქნება ცესკოს ახალი თავმჯდომარე და შეჯერდება თუ არა პოლიტიკური სპექტრი სასურველ კანდიდატზე – კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებზე “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” არასამთავრობო ორგანიზაცია “ღია სივრცე — კავკასიის COS” თავმჯდომარე ირმა პავლიაშვილმა ისაუბრა.

მისი განცხადებით, იმისთვის, რომ არჩეული კანდიდატი 5 წლის ვადით გახდეს ცესკოს თავმჯდომარე, პარლამენტის 2/3 მხარდაჭერა სჭირდება, არასაკმარისი ხმების მიღების შემთხვევაში კი კანდიდატი მხოლოდ 6 თვით იქნება თავმჯდომარის სტატუსით.

“კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ცესკოს თავმჯდომარე უნდა აირჩეს პარლამენტის 2/3-ით და ამ შემთხვევაში მისი უფლებამოსილების ვადა იქნება 5 წელი. თუმცა, თუ ამ პირობით ვერ მოხდა ცესკოს თავმჯდომარის არჩევა და პარლამენტარები, იგივე პოლიტიკური სპექტრი ვერ შეთანხმდება კონკრეტულ კანდიდატზე, რომელსაც ანდობს საარჩევნო ადმინისტრაციას და თუ ის ნაკლები კვორუმით აირჩევა, მისი უფლებამოსილების ვადა იქნება 6 თვე.

თუ ნდობის, პროფესიული თვალსაზრისით ისეთი კანდიდატების წარდგენა და მხარდაჭერა არ მოხდა, ჩვენ შეიძლება მივიღოთ ცესკოს თავმჯდომარე არა 5 წლის ვადით, არამედ 6 თვის ვადით, რომელიც ამ არჩევნების ჩატარებისთვის იქნება განსაზღვრული”. – განაცხადა პავლიაშვილმა.

გადაცემის წამყვანის ნინი ხუგაშვილის შეკითხვაზე, დადგება თუ არა ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ, ირმა პავლიაშვილი ასე პასუხობს:

“გეთანხმებით, ამ შემთხვევაში ლეგიტიმაცია ნაკლებია და ნდობა შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, თუმცა ეს გადაწყვეტილება კანონმდებელმა მიიღო და რაც მე მესამე მოსმენით ვნახე, ამ ცვლილებას მხარი არ დაუჭირა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ”.- განაცხადა ირმა პავლიაშვილმა “ფორტუნას” ეთერში.

კითხვაზე, აპირებს თუ არა მესამე სექტორი კანდიდატის შეთავაზებას, ირმა პავლიაშვილის ინფორმაციით, არასამათავრობო ორგანიზაციების მხირდან ამ მომენტისთვის, კონკრეტული პირი შერჩეული არ არის.

“თუ პრეზიდენტის ფორმატში, კომისიაში იმუშავებს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია და შესაბამისად, კანდიდატებიდან სასურველს შეარჩევს, ეს სხვა საკითხია, თუმცა კონკრეტული სუბიექტი, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციები გააკეთებენ აქცენტს, არანაირი შეთანხმება არ არის”- აცხადებს პავლიაშვილი.

მისივე თქმით, კვალიფიკაცია, რეპუტაცია და გამოცდილება არის ის მთავარი კრიტერიუმებია, რასაც მისი შეფასებით, ცესკოს ახალი თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს.

“არსებითად მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის საარჩევნო გამოცდილება, ვინაიდან ადამიანს, რომელიც ახლა ჩაუდგება სათავეში ადმინისტრაციას, კარგად უნდა ესმოდეს საარჩევნო სისტემა და კანონმდებლობა, იმისთვის, რომ ყველა იმ გამოწვევას, რაც საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს, გაუმკლავდეს.

წლებია გამოწვევად პირთა კვალიფიკაცია რჩება. მაგალითად, შემაჯამებელი ოქმების შედგენა ხდება არასწორად. აქედან გამომდინარე, ნება უნდა იყოს გარკვეული პროგრესული ცვლილებების გატარებისა.

მხოლოდ ერთი ან ორი ადამიანის ცვლილებით საარჩევნო ადმინისტრაციაში არსებულ გარემოს ვერ შევცლით”. – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “ღია სივრცე — კავკასიის COS” თავმჯდომარე ირმა პავლიაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები