„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, კობა ნაყოფია ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2021 წელს ოპერაცია გაიკეთა, რამაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავლენა მოახდინა.
ნაყოფიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ბოლო სამედიცინო მანიპულაცია 2017 წელს ჩაიტარა. კობა ნაყოფია ასევე მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, თუკი ასეთი კლინიკა არსებობს, გამოითხოვონ შესაბამისი დოკუმენტები და გაასაჯაროონ:
„მისი აღნაგობა ალბათ ყველას გახსოვთ – 73 კილოგრამს იწონის, უმძიმესი სურათია… ყოველდღე უფიქსირდება 38 + სიცხე, დღეს გავრცელდა აბსოლუტური ტყუილი და სიცრუე, თითქოს მან ოპერაცია გაიკეთა წამოსვლამდე 2021 წელს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, მათივე ინტერესებშია და ხელეწიფებათ, სახელმწიფო დონეზე გამოითხოვონ კლინიკიდან – თუ ასეთი კლინიკა არსებობს, სადაც სააკაშვილმა ოპერაცია გაიკეთა – გაასაჯაროონ და ეს დოკუმენტები დადონ.
სააკაშვილის ბოლო მანიპულაცია განხორციელდა 2017 წლის დასაწყისში. რანაირი დოკუმენტიც უნდა არსებობდეს, ეს ნამდვილად არ არის 2021 წლის, ეს იქნება მინიმუმ 6-7 წლის წინანდელი, რაც არ დამალულა და კლინიკასაც, ყველას დაინტერესებულ მხარეს მიეწოდა სრულყოფილი ინფორმაციას ყველანაირ მანიპულაციაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ოდესმე ჩასტარებია.
ეს არის სრული სიცრუე და კომპეტენტურ ორგანოებს მოვუწოდებთ – გამოიკვლიონ და ნუ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში.
მიზანი ძალიან მარტივია – გადაფარონ მისი წამების, მოწამვლის ფაქტები და გადააბრალონ, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოწვეულია გამოგონილი, ჰიპოტეტური ოპერაციით. ახლა ფიქრობენ, თითქოს ელექტრონული სიგარეტის გამო – ხალხო სასაცილოა…
ყოველდღიური სიცხე, მისი ნერვული და ვნევროლოგიური პრობლემები, რაც მას აღენიშნება პლიუს 73 კილოგრამი – რაზე ვსაუბრობთ?“ – განაცხადა კობა ნაყოფიამ.